შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში.
გახარიას განცხადებით, მათი საქართველოში შემოსვლა საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია.
„არის დაწყებული კონკრეტული გამოძიება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ. საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ხდებოდა თუ არა იმ ბინაზე, სადაც ჩატაევი და მისი თანამზრახველები ცხოვრობდნენ, ოპერატიული მოქმედებები, ეს გამოძიების თემაა.
„რეალურად, ამ სპეცოპერაციის დროს ძირითადი ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების უსაფრთხოება. ამიტომ გაგრძელდა სპეცოპერაცია ამდენი ხნის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, იყო ტრაგედია. თქვენ რომ შეადაროთ მსგავსი ოპერაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს, საკმაოდ კარგად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.