თბილისის საქალაქო სასამართლომ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შუამდგომლობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე - ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ეხება.
აღნიშნულზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, საქმე ეხება 2014 წლის 17 დეკემბერს მომხდარ დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეს, კერძოდ, ბრალდებულებმა გურამ კვეზერელი მოტყუებით მიიყვანეს კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.
„ბრალდებულებმა ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. იმავე დღეს, აღნიშულმა პირებმა თბილისის ზღვის დასახლებაში ცივი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს დედას, ნატო კვეზერელს. ბრალდებულებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სასამართლოს განჩინებით ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც მიმალვაშია, დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, ვინაიდან, იგი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - აცხადებენ სასამართლოში.
მათივე თქმით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ ღია სასამართლო პროცესზე განიხილა და წინასასამართლო სხდომის თარიღად 2016 წლის 14 ივნისი, 12:00 საათი, განსაზღვრა.