საქართველოში არც აქამდე იგრძნობოდა ანტირუსული ისტერიის დეფიციტი, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენებურ ნაცლიბერალისტურ სექტებში აშკარად შეიმჩნევა ყველაფერში „კრემლის მსახვრალი ხელის" აღმოჩენის მწველი სურვილი. ამ თემაზე გვესაუბრება სააკაშვილის რეჟიმის მიერ „კრემლის აგენტად" მონათლული, კოდორის ხეობაში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ემზარ კვიციანი.
-ბატონო ემზარ, ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, რომ წინასაარჩევნოდ აშკარად მატულობს ანტირუსული ისტერია...
- მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკოსს და პირდაპირ გეტყვით: ვინც ყველაზე ხმამაღლა აგინებს რუსეთს, სწორედ ის არის ყველაზე დიდი „კრემლის მონა"!
აი, თუნდაც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „რუსეთთან მებრძოლი რაინდის" იმიჯის მქონე საერთაშორისო დონის „ვარსკვლავია"! არადა, „ნაციონალური მოძრაობა" იგორ გიორგაძემ შექმნა! აბა, კარგად გავიხსენოთ, როგორ დაქროდა შევარდნაძის ბუდიდან ამომხტარი და ახლად გაოპოზიციონერებული მიხეილ სააკაშვილი იგორ გიორგაძის ნაფეშქაშები დაჯავშნილი ჯიპით!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა, რომელი „რუსეთის აგენტი" გააკეთებდა უკეთესად?! სააკაშვილმა ხომ ლანგრით მიართვა რუსეთს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?!
- თავის ახალგორიან-კოდორიანად!
-დიახ! და რაც კოდორში მოხდა, ჩემზე უკეთ, აბა, ვინ იცის?!
ჯერ კიდევ 2004 წელს გავიძახოდი, სააკაშვილი და მისი ბანდა კოდორის ხეობას რუსეთისთვის ჩასაბარებლად ამზადებენ-მეთქი! და ესენი მე მეძახდნენ „კრემლის აგენტს"?!
მოდით, ახლა კიდევ ერთი „რუსეთთან მებრძოლი რაინდი" ირაკლი ალასანია გავიხსენოთ!
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე, რუსეთის დავალებით გააუქმა პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთში, დღის წესრიგში დადგა კოდორის ხეობის დამცველთა რაზმის „მონადირის" ლიკვიდაციაც!
-ეს 2004 წელს ხდება, ხომ?
-დიახ, მაშინ შევხვდი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნულ ირაკლი ალასანიას და ვკითხე, კი მაგრამ, ამ „მონადირეს" რომ აუქმებთ, კოდორს როგორღა დაიცავთ-მეთქი? იცით, რა მიპასუხა?! კოდორის ხეობაზე პასუხისმგებლობას პირადად მე ვკისრულობო! არ მოვეშვი და ვკითხე, სხვა თანამდებობაზე რომ გადაგიყვანონ, მაშინ რა მოხდება-მეთქი?! სადაც უნდა ვიყო, კოდორის ხეობაზე პასუხისმგებლობას მე ვკისრულობო!
ალასანიამ არც დამიმალა - კოდორში ჯარის შეყვანას ვაპირებთ და იქ ჩიტიც ვერ შემოფრინდებაო! გამეცინა, რუსებსაც ხომ ეგ უნდათ, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება დავარღვიოთ და იქ საჯარისო ფორმირებები შევიყვანოთ, ამით ხომ რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნით-მეთქი!
მაგრამ ირაკლი ალასანიამ გააკეთა ის, რაც რუსეთიდან ჰქონდა დავალებული და კოდორიც დავკარგეთ!
აი, თქვენი გაზეთის საშუალებით ვპირდები ირაკლი ალასანიას: შენ პასუხს აგებ კოდორის რუსეთისთვის გადაცემის გამო!
ნეტავ, ალასანიას პარტიის წევრებმა, ძალიან რომ პროდასავლობენ, თუ იციან, რომ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია კი არა, იგორ გიორგაძეა?!
სააკაშვილის მოღალატეობის კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: 2006 წლის ივლისში, როცა კოდორის ხეობაში მაგან და ოქრუაშვილმა კონსტიტუციის დარღვევით, ჯარები შეიყვანეს, იცით, პირველი რა გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა ხეობის დაკავების შემდეგ?
-რა გააკეთა?
-ირაკლი ოქრუაშვილმა რუსებს კოდორის ხეობაში შესასვლელი ერთადერთი ხიდი გაურემონტა სოფელ ქვაბჩარასთან, რომელიც მე საგანგებოდ ავაფეთქე!
-ანუ ლაპარაკია ხიდზე, რომელიც აფხაზეთის მხრიდან წამოსულმა უნდა გაიარო კოდორისკენ!
-დიახ! არ არის ეს ღალატი?!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ხატზე დავიფიცებ, რომ არაფერს ვამეტებ: „მონადირე" მოღალატურად რომ არ დაეშალათ, კოდორის ხეობაში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა და ეს ძირძველი ქართული მიწა დღესაც ჩვენი იქნებოდა!
სააკაშვილი, ალასანია, ოქრუაშვილი არიან საქართველოს მოღალატეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასამართლდნენ!
მე რუსეთისგან რომ ვიცავდი კოდორს, თურმე, მოღალატე ვყოფილვარ და ესენი, რომლებმაც გაყიდეს საქართველო და ჩემი და ნორა ყაჩაღებივით მძევლად აიყვანეს „რუსეთთან მებრძოლი რაინდები" არიან?!
დააკვირდით, როგორ არიან გატრუნული ნაცები, კრინტიც არ დაუძრავთ ირაკლი ოქრუაშვილის გორში აღზევების გამო!
ირაკლი ოქრუაშვილი ისევ სააკაშვილთან არის შეკრული! ეგენი ხან წაიჩხუბებენ, ხან - შერიგდებიან, რადგან იმას აკეთებენ, რაც მათ საერთო პატრონებს სურთ!
წელიწადზე მეტი გავიდა, რაც პროკურატურაში მასალები მივიტანე და კოდორის ხეობის დაკარგვის გამო სააკაშვილის, ოქრუაშვილის და ალასანიას მოღალატეობას ვამტკიცებ, მაგრამ ყურიც არავის შეუბერტყავს, არადა, საქმე სახელმწიფო ღალატს ეხება!
ვისაც ვისთან უნდა, იმასთან ითანამშრომლოს - გინდ რუსეთთან და გინდ - ამერიკასთან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ღია!
უჩა ნანუაშვილს, სახალხო დამცველი რომ ჰქვია, რამდენჯერ ვთხოვე, დაესწარით ჩემს სასამართლო პროცესს, ან თქვენი აპარატის წარმომადგენელი გამოაგზავნეთ-მეთქი, მაგრამ როგორც თქვენ არ გინახავთ პატრიოტი ნაცი ან რესპუბლიკელი, ისე მე არ მინახავს ჩემს სასამართლოზე სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი! აბა, რომელიმე ლგბტ აქტივისტის სასამართლო ყოფილიყო, ნახავდით, რა გნიასს ატეხდნენ ეს „უფლებადამცველები"!
მოკლედ, საქართველოს უცხოეთიდან მართული პოლიტიკანები კი არა, ქართველი პატრიოტები უნდა მართავდნენ! თორემ, ხომ ხედავთ, ამ NDI-ს გამოკითხვებით როგორ ოსტატურად ჩააჩოჩეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ბოლოსკენ, მეხუთე ადგილზე?!
ეს ხომ მიზანმიმართულად კეთდება იმისთვის, რომ ქართველებს აფხაზეთი და სამაჩაბლო დაავიწყონ!
გიორგი გიგაური