ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაზრდასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ვინც ყველაზე ხმამაღლა აგინებს რუსეთს, სწორედ ის არის ყველაზე დიდი „კრემლის მონა".
აქვე კვიციანი საქართველოს ექს-პრეზიდენტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ლანგრით მიართვა. კვიციანი სააკაშვილს „რუსეთის აგენტს" უწოდებს.
„ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკოსს და პირდაპირ გეტყვით: ვინც ყველაზე ხმამაღლა აგინებს რუსეთს, სწორედ ის არის ყველაზე დიდი „კრემლის მონა"! აი, თუნდაც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „რუსეთთან მებრძოლი რაინდის" იმიჯის მქონე საერთაშორისო დონის „ვარსკვლავია"! არადა, „ნაციონალური მოძრაობა" იგორ გიორგაძემ შექმნა! აბა, კარგად გავიხსენოთ, როგორ დაქროდა შევარდნაძის ბუდიდან ამომხტარი და ახლად გაოპოზიციონერებული მიხეილ სააკაშვილი იგორ გიორგაძის ნაფეშქაშები დაჯავშნილი ჯიპით!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა, რომელი „რუსეთის აგენტი" გააკეთებდა უკეთესად?! სააკაშვილმა ხომ ლანგრით მიართვა რუსეთს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?! ჯერ კიდევ 2004 წელს გავიძახოდი, სააკაშვილი და მისი ბანდა კოდორის ხეობას რუსეთისთვის ჩასაბარებლად ამზადებენ-მეთქი! და ესენი მე მეძახდნენ „კრემლის აგენტს"?! - ამბობს ემზარ კვიციანი.