შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე გამოკითხვები დაწყებულია და დადგება ის შედეგი, რომელზეც მივა გამოძიების პროცესი.
შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ამ შემთხვევას რა სპეკულაციებიც მოყვა, რეალურად, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა. რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს, მოყვება შესაბამისი რეაგირება.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ჯერჯერობით ეს არის 126-ე მუხლი, შემდგომში შესაძლოა, გადაკვალიფიცირება მოხდეს. გამოკითხვები დაწყებულია და რა თქმა უნდა, დადგება ის შედეგი, რომელზეც მივა გამოძიების პროცესი.
საერთოდ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სადაც სამართალდამცავ ორგანოებს ექნებათ ვალდებულება, რომ შეასრულონ თავისი ფუნქცია, შეასრულებენ ყველა ვარიანტში და ყველა შემთხვევაში. პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა შს მინისტრმა.
შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის" გადაცემაში „ცენზურის გარეშე", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.