საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქართული და უცხოური მედიისათვის კომენტარი გააკეთა.
„მე ვნახე საქართველოს ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურად საქართველოს, საქართველოს ინტერესებს და ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვარ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ფრანსუა ოლანდთან საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს.
შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, არა მხოლოდ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, არამედ ორმხრივ ურთიერთობებშიც.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები შედგება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლარშერთან.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.