„ქედს ვიხრი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წინაშე", - აღნიშნული განცხადება „ევროპელი კონსერვატორების" წევრმა მარკ პრიჩარდმა კვირიკაშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს.
„ყველაზე უმთავრესი ადამიანის სიცოცხლის უფლებაა. სულ რამდენიმე საათის წინ მათ აღკვეთეს ურანი-238-ის გაყიდვის ფაქტი, რომელიც შესაძლებელია ტერორისტების ხელში ჩავარდნილიყო. ჩვენ ვიცით, რომ NATO-მ და ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტერორისტები აქტიურად ეძებენ მსგავს მასალებს. როგორ ფიქრობთ, რა ძალისხმევას შეიძლება მიმართოს საქართველომ, რუსეთის ფედერაციამ და ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა, იმისათვის, რომ ქიმიური იარაღი და ბირთვული მასალები არ აღმოჩნდეს იმ ადამიანების ხელში, რომელთა მიზანიც არის ზიანი მიაყენოს ყველა ჩვენთაგანს და მათ შორის ევროპას?" - ამ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, „ევროპელი კონსერვატორების" წევრმა მარკ პრიჩარდმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „ნამდვილად, იმ კრიმინალთა დაკავება, რომლებიც ცდილობდნენ ურანის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება და ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. სულ ახლახანს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ნიუ-იორკში გამართულ ბირთვულ სამიტს და ამ კუთხით თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა გაერთიანებულ სამეფოსთან. ცოტა ხნის წინ გაერთიანებულმა სამეფომ გაგვიწია დახმარება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის დაარსებაში, რაც დიდ წარმატებას წარმოადგენს და ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხეობის ძალებს შორის".
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით.