logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
- +

25 დეკემბერი. 2017. 11:23



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე არ მოახდინეს რეაგირება, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.


აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:


„ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამინისტროს სისტემაში  დანაშაულის არცერთ ფაქტს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც ჩაიდენს არაკანონიერ ქმედებას, ბოროტად გამოიყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები.

 

კანონის უზენაესობა, მკაცრი და ამავე დროს, სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება, გადამხდელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის გაძლიერება -ესაა ის პრინციპები, რომელსაც ღირსეულად ემსახურება ფინანსთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი.

 

გამომდინარე აქედან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროს სისტემაში დანაშაულის ნებისმიერი ფაქტი. ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ და მას მოჰყვება მკაცრი რეაგირება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან.

 

დადგენილი პროცედურების თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულებს შეუწყდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner