რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გაჩერებულ მძღოლებს და მგზავრებს საკვები პროდუქტი ურიგდებათ. აღნიშნული საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს გზის გაწმენდითი სამუშაოებს, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს.
მგზავრებს და მძღოლებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებით პერიოდულად ამარაგებს. ასევე, რამდენიმე ადგილას განთავსდა ბიო-ტუალეტები.
ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.