საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სამუშაოს ძებნაში დღეს ქვეყნის მოსახლეობის მესამედმა დატოვა სამშობლო, იცლება სოფლები, ინგრევა ოჯახები, ეცემა პროფესიონალური დონე.
პატრიარქი მოგვიწოდებს, ქვეყნის უმთავრესი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას შევუდგეთ ერთობლივი ძალისხმევით. მდიდარი ქრისტიანული კულტურის მქონე ქართული საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. „ქუდზე კაცის" ტრადიციამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. ჩვენ ვმადლობთ საქართველოს მთავრობას მოსახლეობაზე ზრუნვისათვის, მაგრამ არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ხელისუფლებაზე დაკისრება. ჩვენს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევა შეუძლებელი იქნება საზოგადოების ერთსულოვნების გარეშე, ხოლო ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესის ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაფუძნებით.
მცირე ეკონომიკური პროექტების მიზანი არ არის ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება. მათი მიზანია ქართველმა კაცმა ქართულ მიწა-წყალზე შეძლოს საკუთარი ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა, უსაქმურობისა და უმოქმედობის დაძლევა, პროფესიული დონის ამაღლება, ქვეყნის სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღების პროცესში წვლილის შეტანა. ყოველივე ეს განუმტკიცებს მას საკუთარი ძალებისადმი რწმენას, აღუდგენს ღირსების შეგრძნებას და აღარ იქნება იძულებული დატოვოს სამშობლო", - ნათქვამია წმინდა სინოდის განცხადებაში.