„ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს", - ამის შესახებ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარემ დილით მიიღო.
ამასთან, ადვოკატის თქმით, დასკვნაზე მხარეები დახურულ სხდომაზე იმსჯელებენ, ვინაიდან დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.
„დღეს დილით ავიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. ამის საფუძველზე ვიშუამდგომლებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ასევე მოვითხოვთ სხდომის დახურვას, ვინაიდან დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.