„ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის შეფასებით, 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
„ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 4- პუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება 500 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იქნა ეკონომიკაში, რაც დიდწილად არის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან იგეგმება, რომ მხოლოდ ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად სულ 5-დან 7 სამუშაო დღის პერიოდში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. ასევე, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის და დაზოგვის მაჩვენებელს გაზრდის, გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში. ამ რეფორმას მხარს უჭერს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. 2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის - ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო საგარეო ეკონომიკური მიმართულებით.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველომ დაიწყო ძალიან წარმატებით ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. სულ უფრო მეტი მწარმოებელი ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი, ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც იძლევა ევროპის ბაზარი და ეს ნამდვილად გასახარია. ასევე, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ უკვე ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ საგარეო ვაჭრობის და ექსპორტის კუთხით რისკები გვქონდეს განაწილებული", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.