საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაერო-ს თემატურ დებატებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელების ინტენსიური პროცესი დაიწყო და ისინი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად ეროვნულ მიზნებად აქცია.
გაერო-ს ტრიბუნიდან მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს განვითარების მთავარ ამოცანაზე, რაც ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, მოქალაქეებისთვის სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას, ინსტიტუციების გაძლიერებასა და ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს.
ჯანელიძის განცხადებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ამბიციური ეკონომიკური დღის წესრიგის განხორციელება, რაც ქვეყნის მთავარი გამოწვევის - უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას ემსახურება.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ამოცანების ეფექტიან შესრულებას.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის რეფორმების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კერძო სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას.
მინისტრმა ქვეყნის და მთლიანად რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის პოტენციალის გამოყენება.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ცალკეული მთავრობების ვალდებულებას უზრუნველყონ თითოეული ადამიანისთვის რეალიზაციისა და განვითარების ხელსაყრელი პირობები. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ძლიერი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
საკუთარი გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების დღის წესრიგში კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მოვალეობაა ამ ადამიანებისთვის უზრუნველყოს სამართლიან და მშვიდობიან გარემოში განვითარების საშუალება.
„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების, ასევე ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საჭიროებები. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ თანაბრად ისარგებლონ მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული სიკეთეებით",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.