სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 26 დეკემბერს, ტრაბზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
სუს-ის განმარტებით, გოჩა (ალი) საგინაძე არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ის ტერორიზმთან კავშირშია მხილებული.
მათივე ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მასალები ამოიღეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" სუს-ში.
თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმრის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „მილიეტმა" გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ოფის მახლობლად კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.