ჩეჩნეთის მეთაურის რაზმან კადიროვის განცხადებით: ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ტერორისტების შესახებ, რომლებიც ჩეჩნეთზე თავდასხმისთვის არიან გაგზავნილები.
„ჩვენ ხომ გვესმოდა ამ ეშმაკების ლოზუნგები „ჩვენ მოვალთ რუსეთში, ჩვენ თქვენ გაჩვენებთ, ავაფეთქებთ, გავანადგურებთ"- ახლა ჩვენ ვიცით. გვაქვს ინფორმაცია ზოგიერთი ბოროტი სულის შესახებ, რომლებიც გამოგზავნილები არიან ჩეჩნეთში ტერაქტების განსახორციელებლად, ისინი საქართველომდე არიან მისულები. ჩვენ მათ ველით, რომ მაშინვე ავიყვანოთ და გავანადგუროთ", - განაცხადა კადიროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ყველა შესასვლელ-გასასვლელი კონტროლდება. „თუ ისინი ჩვენამდე მოაღწევენ, ნამდვილად ჩაიდენენ დანაშაულს, ტერორისტულ აქტს. ამიტომ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, სად და რითი არიან დაკავებულები", - აცხადებს ის.
ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, ამჟამად მათ სირიიდან და ერაყის ტერიტორიიდან, რომლის უდიდესი ნაწილი ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს" ჰქონდა დაკავებული, ჩეჩნეთიდან წასული ქალები და ბავშვები გადმოჰყავთ.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.