ავტორი ალა გრიგალაშვილი
„საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში მონაწილეობას მიიღებს კოალიციის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ არა ერთპიროვნულად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო ერთობლივად მიიღებს გადაწყვეტილებას სიის საბოლოო ვარიანტზე.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს.
„არ გამოვრიცხავ, სიის ფორმირების პროცესში გათვალისწინებული იყოს მისი დამფუძნებლის მოსაზრებებიც. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი. თავად ბატონ ბიძინასაც არ აქვს სურვილი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს. მას სურს, სიის ფორმირება მოხდეს საერთო კონსენსუსის შედეგად",- აცხადებს დეპუტატი.