ჩიჩილაკი ხის ფორმის საგანია, რომელიც სპეციალურად საახალწლოდ მზადებოდა და მას რიტუალური დანიშნულება გააჩნდა. არსებობს ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა.
მათ შორის ყველაზე სრულყოფილი გურული კალპიანი ჩიჩილაკია. საერთოდაც, ჩიჩილაკი უფრო გურიასა და სამეგრელოში იყო გავრცელებული და თხილის ჯოხისაგან ამზადებდნენ.
ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზემოთ კეცავდნენ.
ოსტატები ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდნენ და აკეცავდნენ. მუშაობის პროცესი უნდა ყოფილიყო მშვიდი და ერთგვარად მისტიურიც.
აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწათლილ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზეც წამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს. ასევე სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტებს. მაგალითად, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთი ღებავდნენ.
ზემოთ ნახსენები „კალპი" წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს.
კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგვი.
ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო „ბატონებისათვის" მისართმევი ხე.
საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, „მაშხალას" მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს.
სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. კამარას, რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.
ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას - წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და სიყვარულისკენ.
საახალწლოდ ჩიჩილაკის დადგმა მხოლოდ ხალხური ტრადიციაა და ეკლესიური თვალსაზრისით მას რაიმე რიტუალური დანიშნულება არ გააჩნია.