უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პრესსპიკერის სვიატოსლავ ცეგოლკოს ინფორმაციით, ხარკოვში, უკრაინის ფოსტის შენობიდან 5 მძევალია გათავისუფლებული.
ცეგოლკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, სადაც ნათქვამია, რომ მამაკაცმა, რომელმაც ხარკოვში 11 მძევალი აიყვანა, სამი ქალი და ორი ბავშვი გაათავისუფლა.
უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებული მძევლები, სასწრაფო დახმარების მანქანებით შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.
ბოროტმოქმედმა მომლაპარაკებელ პირთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდეს.
მამაკაცთან, რომელმაც ხარკოვში, ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს.