logo_geo
eng_logo
1 იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაა
- +

31 დეკემბერი. 2017. 13:11

 

1 იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაა.


2018 წლიდან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ამოქმედდება, რომელიც გათავისუფლებისთვის დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს მოამზადებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთ წელს არ აღემატება.


გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს ერთ-ერთი შემდეგი პირობით შეეძლება: - თუკი ის მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.


პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ასევე ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში, 3 დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლაა, რომელიც ასევე 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს. გარდა ამისა, სასამართლოს საშუალება ექნება, გამოიყენოს ახალი არასაპატიმრო სასჯელის სახე იმ მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის პირველად გასამართლდნენ. სასამართლოს უფლება ეძლევა შინა პატიმრობა გამოიყენოს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. 2018 წლის 1 იანვრიდან, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების, დაბალი რისკის ან არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით.


ცვლილებები უვადო პატიმრობა მისჯილ პირებსაც ეხება. კერძოდ, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, თავისუფლების უვადო აღკვეთილ მსჯავრდებულს, რომელსაც ფაქტობრივად მოხდილი აქვს 15 წელი, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლა ითხოვოს. გარდა ამისა, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი მოიხადა, სასამართლო უფლებამოსილია, ის პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, გამოსაცდელი ვადით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner