თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასო მეგობრებო და არამეგობრებო, მეზობლებო და არამეზობლებო, ახლობებო და არაახლობლებო, დედებო და დებო, მამებო, ძმებო, შვილებო, თანამოქალაქენო, ჩემიანებო და სხვებო, თბილისელებო, მცხეთელებო, გორელებო, ახალციხელებო, ქუთაისლებო, ზუგდიდელებო, სოხუმელებო, ბათუმელებო, აფხაზნო, ოსნო, სვანნო, რაჭველნო, ლეჩხუმელნო, იმერელნო, მეგრელნო, გურულნო, აჭარელნო, მესხნო, ქართლელნო, კახელნო, მთიელ-მთიულეთელნო, მოხევენო, გუდამაყრელნო, ფშავნო, ხევსურნო, თუშებო, ქისტნო, კავკასიელნო, ვისთანაც მივლია და არ მივლია, ვისაც 365 წმ. გიორგი და ჯვარ-ხატი გწყალობთ, აზარბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ბერძენნო, ქურთნო, ასურელნო, ყველა, ვისაც საქართველო თქვენს მიწად და სამშობლოდ მიგაჩნიათ, ამაყობთ თქვენი ქართველობით და კავკასიელობით, საქართველოს ემსახურებით და საქართველოთი ცხოვრობთ, ვისაც წინაპარი ქართულ მიწაში გისვენიათ და ვინც აქ აპირებთ სიცოცხლესა და სიკვდილს, გილოცავთ 2018-ის შემობრძანებას! ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეულისათვის! გაიხარეთ! უმორჩილესად შენდობას ვითხოვ, თუ გამომრჩით რომელიმე, იმდენი ხართ, სხვადასხვანი და სხვადასხვანაირები, ვისაც საქართველო და ქართველობა გაერთიანებთ, ამოუწურავნი, ღმერთმა გამრავლოთ!
თქვენი მონა-მორჩილი, მე, ერთ-ერთი თქვენთაგანი.
მომწონხართ,
პატივს გცემთ,
მიყვარხართ...", - წერს თევზაძე.