„ეს არის განსაკუთრებული მოვლენა რკინიგზის ისტორიაში, რადგან ამ ტიპის და ამ ხარისხის მოძრავი შემადგენლობა არასოდეს შეგვიძენია", - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ BPI-თან საუბრისას. იგი ამბობს, რომ Stadler-ის ორსართულიანი მატარებელი დამზადებულია ევროკავშირის უმაღლესი ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით.
ამის გარდა მატარებელი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირებისთვის, რაც, როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, „საქართველოს რკინიგზის" პრიორიტეტია.
„საქართველოს რკინიგზამ" კომპანია Stadler Bussnang AG-სგან, რომელიც რკინიგზის ისტორიაში ერთ-ერთი წმაყვანი კომპანიაა, 4 მატარებელი ტენდერის საფუძველზე შეიძინა. პროექტის ღირებულება კი 40 მლნ ევროა, რაც მამუკა ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასია. მისივე თქმით, გამოცხადებულ ტენდერში კომპანიას ჩადებული ჰქონდა პირობა, რომ მომწოდებელს უნდა ეზრუნველეყო 85%-იანი სესხის მოზიდვაც და Stadler-მა შეძლო საკმაოდ იაფიანი სესხის მოზიდვა შვეიცარიული ბანკებიდან.
„სარკინიგზო ინდუსტრიაში ტვირთბრუნვაში გარკვეული კლებაა, რამაც შეამცირა დსთ-ს ქვეყნების რკინიგზების შესყიდვები. მადლობა უნდა გადავუხადოთ შვეიცარიულ კომპანიას, ვინაიდან გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, რომ მატარებლების შეძენასთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები გაითვალისწინა მთავრობამ და მოგვცა მატარებლების შეძენის შესაძლებლობა", - აღნიშნავს ბახტაძე.
რკინიგზაზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობას პირველ ეტაპზე ორი შემადგენლობა დაიწყებს, მომავალი წლიდან კი რკინიგზის ინფრასტრუქტურას დამატებით 2 მატარებელი შეემატება, რომელიც თბილისი-ფოთის მიმართულებით იმოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ მატარებლებით გადაადგილება გაცილებით უფრო კომფორტული და მაღალი კლასისაა, რკინიგზაში ფასები არ შეიცვლება და მომხმარებელი გაზრდილ ხარისხსა და მომსახურებასა იმავე ფასად მიიღებენ.
ყველა ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.
„ელექტრომატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე შესაძლებლობას იძლევა, რომ სვლის დრო 20 წუთით შემცირდეს, მომავალში კი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება დროის ხანგრძლივობას 1 საათით შეამცირებს", - განმარტავს ბახტაძე.
მატარებლები 16 ვაგონისგან შედგება და თითოეულ 450 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ისინი ადაპტირებულია შშმ პირების მომსახურებაზე და და თითოეულში 20 ასეთი ადგილია გამოყოფილი. მატარებლები სამი - VIP, ბიზნეს და ეკონომ კლასისგან შედგება.
მატარებლებს სპეციალური ლიცენზიის მქონე მემანქანეები და გამცილებლები მოემსახურებიან, ამავდროულად გათვალისწინებულია დეპოების ადაპტირება.
წყარო: bpi.ge