2017 წლის 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა თბილისში ყველაზე მეტი - 4 958 ჯარიმა რუსთაველის გამზირზე დააფიქსირეს.
„ჭკვიანი კამერების" მიერ დაფიქსირებული დარღვევებით თბილისის ქუჩებს შორის მეორე ადგილზე შარტავა-ბულაჩაურია, სადაც 2 238 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, შემდეგ მოდის ბელიაშვილის ქუჩა 1 750 ჯარიმით, მეოთხე ადგილზეა მარშალ გელოვანის გამზირი - 1 579 დარღვევით, ხოლო მეხუთე პოზიციას სააკაძე-კოსტავა - 1518 ჯარიმით იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით მისდის ინფორმაცია.
ასევე, კანონის თანახმად, თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი sms-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20% შეუმცირდება.