logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშია: სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი კომუნალური ვაუჩერების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
- +

22 აპრილი. 2016. 16:34


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ და დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.


ჯაბა სამუშიამ ხაზგასმით აღნიშნა , რომ ნოემბერ-დეკემბერში 70 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები 2014 წლის შემოდგომაზე მიღებული წესის შესაბამისად გაორმაგებული კომუნალური ვაუჩერით ისარგებლებენ, ხოლო 200 ათასი ქულის მქონე ოჯახები იმ მოცემულობის თანხს მიიღებენ, რაც მათ დღემდე ერიცხებოდათ.


საკრებულოს წევრმა ჟურნალისტებს ბიუჯეტის ის მუხლი წარუდგინა, რომლის თანახმად, ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ საკრებულოსთან შეთანხმებით ხორციელდება და მერიას თანხის სურვილისამებრ მართვის არანაირი უფლება არ აქვს.


მისივე განმარტებით, მერიიდან გადმოგზავნილია წერილი, სადაც მუხლში ,,კომუნალური ვაუჩერი" ასახულია 9 მლნ. 501 ათასი ლარი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში კომუნალურ ვაუჩერებს მოხმარდება.


„კომუნალური ვაუჩერების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და მისი განხილვა არც მომავალში იგეგმება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვაუჩერის გაცემა იგივე კატეგორიის ადამიანებზე იმავე პრინციპით მოხდება, როგორც საკრებულომ ორი თვის წინ გადაწყვიტა. ეს არის ის ვალდებულება, რაც თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტს აქვს აღებული თბილისელების წინაშე.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ნოემბერ - დეკემბერში კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებს", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და ოპონენტ კოლეგებს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებების ზედმიწევნით შესწავლისკენ მოუწოდა.

 

„მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო მკაფიო და ნათელი განცხადება კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით და წერტილი დავუსვა იმ იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას, რომლითაც ნაციონალური მოძრაობას ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენა შეყავს შეცდომაში", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ვაუჩერის გაცემის საბოლოო ფორმის განსაზღვრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად თბილისის მერიაში ტექნიკური ხასიათის სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ბიუჯეტში ასახული მუხლის შინაარსობრივ მხარეს არ შეეხება.


„საუბარია მხოლოდ იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც კომუნალური ვაუჩერის გაცემამდე უნდა შემუშავდეს. ამ მიზნით, შესაბამის სერვის-პროვაიდერებთან ერთად როგორიცაა: „თელასი", „ერნერგო-პრო", „GWP'' და „თბილსერვისი", უკვე შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი'', - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.


კომუნალური ვაუჩერების გაუქმების შესახებ განცხადება საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ გააკეთა.


როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა,  სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ვაუჩერი მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუქმდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner