logo_geo
eng_logo
„შენთვის ყველაფერი მაშინ არის ცხადი და ნათელი, როცა შეყვარებული ხარ“
- +

22 აპრილი. 2016. 16:39


ჯონ ლენონი - ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც არ სმენია ეს სახელი და გვარი და არ იცის ლეგენდარული ჯგუფის „The Beatles"-ის არსებობის შესახებ. ეს იყო ჯგუფი, რომელმაც XX საუკუნის მუსიკალურ სამყაროში სრული რევოლუცია მოახდინა.


ჯონ უისტონ ონო ლენონი 1940 წლის 9 ოქტომბერს ინგლისში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა - ალფრედ ლენონი, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია სტენლი, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა, არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.

 

„5 წლის ასაკში დედა მეუბნებოდა,რომ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, იყო ბედნიერი. როცა სკოლაში მივედი, მკითხეს: „ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?"' მე ვუპასუხე: „ბედნიერი". მითხრეს, რომ კითხვა ვერ გავიგე,  მე კი მათ ვუპასუხე, თქვენ ვერ გაუგეთ ამ ცხოვრებას".


ჯონ ლენონის ცხოვრება საინტერესო და აქტიური იყო. მას დიდი პოპულარობა მოუტანა ჯგუფმა „The Beatles", რომელიც კრიტიკოსების მიერ XX  საუკუნის ყველაზე წარმატებულ როკ-ჯგუფად არის აღიარებული. არც მისი პირადი ცხოვრება ყოფილა უინტერესო.



ლენონმა მომავალი მეუღლე სინტია სამხატვრო კოლეჯში სწავლისას გაიცნო. ის ხულიგანი იყო, სინტია კი - სამაგალითო მოსწავლე. ასეთი განსხვავებისდა მიუხედავად მათ ერთმანეთი მოეწონათ, თუმცა წყვილის რომანი სერიოზული არ იყო მანამ, სანამ ლენონმა არ შეიტყო, რომ სინტია მისგან ფეხმძიმედ იყო. ლენონმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დაქორწინდა მომავალი შვილის დედაზე. ამის შემდეგ ცოლ-ქმრის ცხოვრება განსხვავებული დინამიკით წარიმართა. ჯონმა უსაზღვრო პოპულარობა და აღიარება მოიპოვა, სინტია კი სამაგალითო სტუდენტისაგან, სამაგალითო დედად და მეუღლედ გადაიქცა. ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ ლენონი იოკოს გაიცნობდა.



                         



ჯონ ლენონმა იოკოსთან შეხვედრამდე მოასწრო, მობეზრებოდა არა მხოლოდ „The Beatles"-თან დაკავშირებული ხმაური, არამედ პირადი ცხოვრებაც. იოკოსთან შეხვედრამდე ჯონი უკვე სვამდა, ღალატობდა და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობდა.

 

„როცა იძირები, შენ არ ამბობ „მე ძალიან გამიხარდება. თუ ვინმე დამინახავს, მოვა და გადამარჩენს", შენ უბრალოდ ყვირი".


ჯონი და იოკო 1966 წლის 9 ნოემბერს, იოკოს სამხატვრო გამოფენაზე შეხვდნენ ერთმანეთს. ლენონი გამოფენის სანახავად თავდაპირველად დიდი სურვილით არ იწვოდა, თუმცა მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა გამოფენაზე წასვლა. ლენონი იქ ზუსტად გამოფენის გახსნის დროს მოხვდა. ნანახით გაოგნებული ჯონი უმალ მოიხიბლა მონათესავე სულის აღმოჩენით. სწორედ იმ დროს მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ გაუგებდა.

 

„შენთვის ყველაფერი მაშინ არის ცხადი და ნათელი, როცა შეყვარებული ხარ".


მოგვიანებით იოკო და ჯონი ერთმანეთს უთანხმოების გამო დაშორდნენ, თუმცა 1975 წლის თებერვალში კვლავ შერიგდნენ. იმავე წლის 9 ოქტომბერს იოკომ ჯონს შვილი აჩუქა.


                       



ჯონ ლენონმა თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი: „ალბათ ვინმე სულით ავადმყოფი მომკლავს". მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მან ყველა მცველი დაითხოვა. ჯონი სიცოცხლეს საკუთარმა ფანმა გამოასალმა და ამით იოკოსა და მის ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაუსვა.


ჯონის გარდაცვალების შემდეგ იოკო იხსენებდა ჯონის სიტყვებს: „მე არ მეშინია სიკვდილის. მზად ვარ კიდეც, რადგან მისი არ მჯერა. ვთვლი, რომ ეს ერთი მანქანიდან მეორეში გადაჯდომას ჰგავს".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner