ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას ასახელებს. ამის შესახებ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელმაც 2017 წლის მესამე კვარტალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის მერე ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8% იყო, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ მაჩვენებელს წმინდა საპროცენტო ხარჯებს გამოვაკლებთ, და ე.წ. პირველად მიმდინარე ანგარიშს შევხედავთ, ეს პარამეტრი პროფიციტული იქნება", - წერს გვენეტაძე.
ქვეყნის მთავარი ბანკირი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მიზეზებსაც განმარტავს. მისი თქმით, ეს განპირობებული იყო 2017 წელს როგორც საქონლის, ასევე, განსაკუთრებით, მომსახურების (ტურიზმის) ექსპორტის ზრდით. ეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გამოჯანსაღების შედეგი იყო.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, რაც, ერთდროულად, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს. ამ პარამეტრს, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ უცხოელი ინვესტორებიც ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს მიმზიდველობის შეფასებისას. ამდენად, მისი დაბალი დონე ამ მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - წერს კობა გვენეტაძე.