23 და 24 აპრილს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ. ხვალ, 23 აპრილს, 9:30 საათზე STEM აკადემიას გახსნილად გამოაცხადებენ და მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში მიმართავენ.
ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებულ მე-12 კლასელებს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები გააცნონ.
სემინარზე დასწრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ავტობუსი ვარდების მოედნიდან ტექნოპარკისკენ დილის 9 საათზე გავა.