logo_geo
eng_logo
„ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ე.წ. მწვანე ზოლთან პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა მიიყვანა“
- +

4 იანვარი. 2018. 17:59



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ე.წ. მწვანე ზოლთან 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა მიიყვანა, ხოლო ამავე სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ერთი პირი - რუსლან ალდამოვი კი სხვა პირებთან ერთად მათ თბილისში საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფდა. ამის შესახებ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მოიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი დახმარებას თბილისშიც უწევდა ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

 

გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომა 17-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა გიორგობიანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner