logo_geo
eng_logo
EBRD-ის მხარდაჭერით ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება
- +

5 იანვარი. 2018. 15:57


 

დღეს, საქართველოსა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება" დაფინანსების მიზნით.


დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ. 


შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. 


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ გვაკავშირებს სამაგალითო ურთიერთობა. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა,  ტრანსპორტი, წყალმომარაგების სისტემები. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში განახორციელა რეკორდული მოცულობის ინვესტიციები, 2018 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ამ მიმართულებით. დღევანდელი ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას  - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. ენგურჰესს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის და მინდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის დაფინანსებისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 2018 წლის  პირველ კვირას ხელი მოვაწერეთ პირველ ტრანზაქციას საქართველოს მთავრობასთან.  ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას  ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.  მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს,  ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით,  300 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მლნ-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.  მნიშვნელოვანია, რომ  ბანკმა  20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ ჩართულები ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.  


პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში.


პროექტის განმახორციელებელია -  შპს „ენგურჰესი".


აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner