ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ასე მგონია, „იმედს" კვლავ გიგი უგულავა ხელმძღვანელობს!
ეს მხოლოდ საქართველოში ხდება და სხვაგან არსად....
არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და არც გამიგია, რომ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილთა ინტერესები მედიას ხმამაღლა, დაუფარავად დაეცვას და სამართალდამცავთა ქმედებაში ეჭვი შეეტანა... ეს მოხდა, საქართველოში!...
არც ის გამიგია დღემდე არსად, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა მიმართ, საკუთარ მშობლებს გაეცხადებინათ ან დაედასტურებინათ, რომ მათი შვილი დამნაშავე არის... თუნდაც, მათ დანაშაულის ჩადენის მომენტში წაასწრონ შვილს, მშობელი იმას არაფრით დაუშვებს, შვილი დანაშაულში ამხილოს და ის შემდეგ სამართალდამცავებს დასასჯელად გადასცეს... ეს ისეთი დაუწერელი კანონია, როგორც ის, რომ რა დონის დამნაშავესაც არ უნდა იცავდეს ადვოკატი, თუნდაც დამტკიცებული იყოს მისი ბრალეულობა, ადვოკატი კანონით ვალდებულია, ბოლომდე დაიცვას ბრალდებულის ინტერესები და საზოგადოებას „დამნაშავე" წესიერ ადმიანად წარმოუდგინოს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კანონით კარგავს კლიენტზე დაცვის უფლებას...
ცნობილია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული, დანაშაულში ეჭვმიტანილი თვითმკვლელი ჩატაევის თანამზრახველობაში ეჭვმიტანილი, პანკისში დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენაზე მედიკოსები თავდაუზოგავად ზრუნავენ და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილიც, ალბათ უფალს მის გადარჩენას გულწრფელად შესთხოვს. მაგრამ ეს იმის უფლებას არ ნიშნავს, რომ რადგანაც ახალგაზრდა დაჭრილია და სიკვდილს ებრძვის, რადგანაც თავისმა მშობლებმა, განაცხადეს, რომ თავიანთი შვილი უდანაშაულოა და სამართალს სტრასბურგში ვიპოვითო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავიჯეროთ ეს ყველაფერი და ასევე, არც ტელევიზიებს აქვთ იმის უფლება, რომ ტერორისტების საქმეზე მტკიცებულებების გამომზეურება მოითხოვონ... რადგანაც, საქმე ეხება ტერაქტებსა და უდანაშაულო ადამიანების, მასიურ ხოცვა-ჟლეტვას...
ბოლოს და ბოლოს, ხომ არის იმის დრო, რომ აზრზე მოვიდეთ და არ მოვიქცეთ ქართველები, მსოფლიოში ყველაზე სულელურად და არასტანდარტულად?... ხომ შეიძლება იფიქროთ საღად, მიუკერძოებლად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, ბოლოს და ბოლოს, საუბარი ხომ თქვენი შვილების სიცოცხლესა და მათ უსაფრთხოებაზეა?... მართლა რა დაგემართათ ზოგიერთებს ასეთი, მართლა ისე ხომ არ დაგაბრმავათ, პოლიტიკურმა ცუნდრუკმა და ფინანსურმა ინტერესებმა, რომ არც კი იცით, რას სჩადით?!... სირცხვილია უბრალოდ...
არ დამიწყოთ ახლა, ბევრი ლაი-ლაი, ამას რას გვაკადრებთ, ჩვენ დემოკრატები და პროფესიონალები ვართო... ჰოდა, გეტყვით... არც მე არ ვარ თქვენზე ნაკლები, არც მამულიშვილი და არც პატრიოტი, არც დემოკრატი და არც ჟურნალისტი... მე მართლა მეცოდება ყველა ის ახალგაზრდა, ვისაც რამე სტკივა, მითუმეტეს ის, ვინც დაჭრილია და სიკვდილს ებრძვის... მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში მან რა დანაშაული ჩაიდინა... მაგრამ, ის აუცილებლად უნდა გადარჩეს და თუ დამნაშავეა, პასუხიც აგოს კანონის წინაშე... მაგრამ მე, ჩემი დიდი ოჯახის თითოეული წევრის სიცოცხლე მადარდებს, რადგანაც შესაძლოა იმ ჩემი ოჯახის წევრის უდანაშაულო სიცოცხლე ვიღაც სისხლიანი ტერორისტების საქციელმა იმსხვერპლოს (ჯვარი სწერიათ ყველას და ღმერთმა აშოროთ)... მე ამოწყვეტილი არ ვარ და საკმაოდ დიდი ოჯახის წევრი ვარ... ჩემი დედმამისშვილები, მათი შვილები და შვილიშვილები, ყველანი ერთად 34 ადამიანი ვართ...
მე, ჩემი ოჯახის 34 წევრის სიცოცხლეს ვდარდობ, სხვა კიდევ სხვა 34 ის და ა.შ. ყველა ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული და ვინც ამ ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს, მე მათი მტერი და სასტიკი დასჯის მომხრე ვიქნები. პირადად მე, როგორც რიგითი ადამიანი ამ ქვეყნისა, დაჭრილი 19 წლის ყმაწვილის მშობლების გამოკითხვით კი არა, ჩემი ქვეყნისა და ამერიკელი სპეცსამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ნდობით დავიწყებდი მუშაობას. ასევე, არ მოვითხოვდი იმ მტკიცებულებების გამომზეურებას, რომელიც კონკრეტულ საქმეს და ქვეყნის იმიჯს, პირველ რიგში კი - უსაფრთხოებას დააზარალებდა და ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა... შემდეგ კი, ცხადია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოვიკითხავდი და არ შევქმნიდი ისეთ გარეგნულ ფონს, თითქოს ჩვენმა სამართალდამცავებმა 19 წლის უცოდველი ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტეს... არადა, სწორედ რომ ასეთი სურათი დახატა ტელეკომპანია „იმედმა" და არა მარტო „იმედმა"...
მგონი, „იმედმა" ტენდენციურობასა და სიცრუის ტირაჟირებაში კარგა ხანია „რუსთავი 2"-ს გაუსწრო...
ხალხნო, რატომ აკეთებთ ამას? მე ვიტყოდი რომ, ტელეკომპანიების მიერ არაპროფესიონალიზმის პიკი იყო - პირდაპირი ლაივი სპეცოპერაციის ადგილიდან და საზოგადოებაზე ზეწოლა ტენდენციური სიუჟეტებით... საოცარია და მაგრად მაინტერესებს, რა ნამუსით გინდათ შეხედოთ თვალებში იმ სპეცრაზმელის ოჯახს, რომელიც სპეცოპერაციის დროს სწორედ ტერორისტების ხელით დაიღუპა?!... მარტო „იმედზე" არ მაქვს ლაპარაკი, ტელეკომპანიების თითქმის უმეტესობამ ამ თემასთან დაკავშირებით სამარცხვინოდ და არაპროფესიონალურად იმუშავა... რაღა დაგიმალოთ და ასე მგონია, ტელეკომპანია „იმედს" კვლავ გიგი უგულავა მართავს!...
არ ვიცი, მართლა რა გითხრათ, მხოლოდ ერთს გეტყვით: - აქ ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი და კეთილი ინებეთ, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ჩვენს სიცოცხლეზე იფიქრეთ... ასე აჯობებს..." - წერს ლიპარტელიანი.