პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ ის არავის აკრიტიკებს, თუმცა „უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტს სამართლებრივი კონსულტაციები მიეღო", რადგან ტერმინოლოგია „დევნის დაწყება შეწყალების მუხლით" არ არსებობს. პროკურორის განმარტებით, დევნის დაწყება მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
„პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა განვმარტავ, რომ არც კონსტიტუციით და არც სხვა კანონით, აბსოლუტური უფლება, როგორც ციტირებენ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეუზღუდავი უფლებამოსილება შეწყალების, ასეთი მცნება არ არსებობს. იმპერატიული მოთხოვნის დამდგენი ნორმა არის მაგალითად ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, ეს არის აბსოლუტური ნორმა და აბსოლუტური მოთხოვნა.
რაც შეეხება შეწყალების უფლებას, დიახ, ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება, ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტის და მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ ამგვარი უფლებამოსილება განახორციელოს, მაგრამ მოდით გავმიჯნოთ, რა არის უფლებამოსილება და თუ რას ედავებოდა პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტს.
შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება - ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ უფლების და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად - არა ბოროტად, არა ანგარებით, არა სხვისთვის უპირატესობის ან საკუთარი თავისთვის გამორჩენის მიღებისთვის, არა პოლიტიკური ნიუანსების გათვალისწინებით, არა დამნაშავეთათვის ხელის დაფარებისთვის, არა დანაშაულის გახსნის ხელის შეშლისთვის, არა მართლმსაჯულების სათანადოდ აღუსრულებლობისთვის. სწორედ ეს კომპლექსი, რაც მე ჩამოვთვალე, ერთობლივად განხორციელდა ამ შეწყალებით, რაც თავის დროზე დაადგინა სტრასბურგმა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.