„ეკონომიკის სამინისტრომ კომუნიკაციების კომისიისგან მაგთიკომის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა", - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„შპს „მაგთიკომის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვრიდან კომპანია „მაგთიკომის" მიერ ძვირდება მობილური ინტერნეტ-პაკეტების ტარიფები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი, მათ შორის მობილურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ხელშეწყობის მიზნით. პერმანენტულად მცირდებოდა და მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გაუქმდა მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი. საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან გადაიდგა რიგი ნაბიჯები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას გაზრდისა და საცალო ტარიფების კლების ხელშესაწყობად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება კომპანია „მაგთიკომის" მიერ მოტანილ არგუმენტებს კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები შესაძლებელია არ ასახავდეს მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს.
სწორედ აღნიშნულის გარკვევის მიზნით, შპს „მაგთიკომის" განცხადებაში მოყვანილ მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.