თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ბიუროების თანამშრომლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო" შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომლის მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ფორმებზე შეთანხმება იყო, ვლადიმერ ძნელაძემ გახსნა.
მისი ინფორმაციით, სამაჟორიტარო ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველო" ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სპეციალური შესაძლებლობების მქონე რამდენიმე ბავშვმა შესაბამისი დახმარება უკვე მიიღო.
შეხვედრაზე ორგანიზაციის დირექტორმა თამარ ზაალიშვილმა და პროგრამების კოორდინატორმა გიორგი დემეტრაშვილმა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ბიუროების თანამშრომლებს მათი ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და აღნიშნეს, რომ უკვე თითქმის ოცი წელია „პირველი ნაბიჯი საქართველო" სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საკითხებზე მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციაში უკვე შექმნილია რამდენიმე პროგრამა, ასევე ფუნქციონირებს დღის ცენტრი და ბინაზე მოვლის მომსახურება.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მხარეები მონაცემთა ერთიანი ბაზისა და საჭიროების შემთხვევაში, ახალი სპეციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, სამაჟორიტარო ბიუროებსა და ორგანიზაციას შორის სპეციალური შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ესწრებოდა.