საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში თურქ კოლეგასთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს.
„თურქეთში განვითარებული ბოლო მოვლენები და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაწყებულ პროცესში რაიმე სახის პროგრესს შეუძლებელს ხდის. მე თურქ კოლეგასთან საუბარში ეს თემა გულახდილ საუბარში განვიხილე", - განაცხადა მაკრონმა.
ამავდროულად, მაკრონი არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა განვითარდეს.
თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიგში ყოფნამ ანკარა „ძალიან დაღალა".
„შეუძლებელია მუდმივად ევროკავშირში გაწევრიანებას ვითხოვდეთ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.