ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო წინადადების კითხვის ფორმულირებაზე იმსჯელეს. კითხვის ფორმულირება ასეთი იქნება: „თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის". ცესკო 13 აპრილიდან 30 დღის ვადაში იმსჯელებს საკითხზე, მოხდეს თუ არა აღნიშნული ინიციატივის რეგისტრაციაში გატარება.
„დღეს მოხდა სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირების განსაზღვრა. საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ სურვილი შეცვალონ კითხვის ფორმულირება. საკითხი არის დაზუსტებული და ზუსტად ვიცით, რა არის კითხვის ფორმულირება. კითხვა არის შემდეგი - თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?". ეს იყო მხოლოდ საკითხის დაზუსტების პროცედურა. რაც შეეხება რეგისტრაციაში გატარებას, ამისთვის საჭიროა არა უგვიანეს ერთი თვისა საკითხის წარდგენიდან და არა უგვიანეს 13 მაისისა ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით და ამ საკითხს ან გაატარებს რეგისტრაციაში ან მოტივირებულ უარს იტყვის რეგისტრაციაში გატარებაზე", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.