„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული ი.ჩ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ხოლო 1978 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა, ა.კ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, 376 აბი „სუბოქსინი" ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჩ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა ი.ჩ.-ს მიერ გაყიდული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ი.ჩ.-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. ა.კ.-ს მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.