„რეფორმატორების" თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც გედევან ფოფხაძე მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არა მაჟორიტარული სისტემა, იგი პარლამენტში ვერ მოხვდებოდა. ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნული განცხადებით აღიარა, რომ საარჩევნო სისტემა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული.
"ხელისუფლების წარმომადგენელმა პრაქტიკულად აღიარა, რომ საარჩევნო სისტემა მორგებულია მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არ არის რამდენად დემოკრატიული იქნება საარჩევნო სისტემა და გარემო.
ეს არის არნახული უტიფრობა, უარი თქვა ევროპელების რეკომენდაციებზე და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომელზეც ფართო კონსესუსი დიდი ხანია არსებობს თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამათავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შორის!
ჩემთვის საკმარისია ბატონი გედევან ფოფხაძის მოსაზრება, მისი კოლეგების განცხადებებთან ერთად, იმისთვის, რომ ვივარაუდო, მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციის მიზნით, მზად არის გაემიჯნოს დემოკრატიას და მიუერთდეს ფეოდალიზმთან ასოცირებულ რეჟიმს." - აცხადებს ღლონტი.
შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძემ მაჟორიტარულ სისტემაზე ისაუბრა სადაც განაცხადა, რომ „დარწმუნებული ვარ, რომ ვერასდროს ვერ გავხდებოდი პარლამენტის წევრი, რომ არ ყოფილიყო მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ, რომ მე არავინ არ ჩამწერდა პირველ ოცეულში. გამომიყენებდნენ შტაბის უფროსად, გამაკეთებინებდნენ ხმებს, დამალაგებინებდნენ რაიონში საარჩევნო სიტუაციებს, მაგრამ სიაში როგორც ჩამწერეს 180-ედ, ვთქვათ, ახლანდელ სიაში, ისე ჩამწერდნენ 190-ედ"