logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: იქნებ მალე გაიაროს ამ სახადმა, რაც ერს დაემართა!
- +

22 აპრილი. 2016. 22:08


ლექტორი ზაზა სიამაშვილი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, დიდი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.



„ხვალ დიდი ივანე ჯავახიშვილის დღეობაა...

140 წელი უსრულდება... 76 წლის წინ აღესრულა კაცი, რომლის მემკვიდრეობა შეუფასებელია და რომლის წინაშეც მარად ვიქნებით... თუმცა, მისმა დღეობამ სხვა მოგონებები აღძრა და ამოატივტივა ჩემს გონებაში...

 

1987 წლის თებერვალი იდგა გარეთ... მეოთხე კურსზე გახლდით... ქალბატონი ვენერა ურუშაძის ლექცია გვაქვს, იმ დიდი ქალბატონის, რომელმაც მსოფლიოს გააცნო „ვეფხისტყაოსანი" და ქართული პოეზია. ვზივართ, ვსაუბრობთ ქალბატონი ვენერა და თქვენი მონა-მორჩილი... „გაისად უნივერსიტეტის 70 წელი ხდება და ამდენი ხანი ვერ ეღირსა ივანეს სახელი. საქმეა ახლა ეს?!" - გულწრფელად წუხს ქალბატონი ვენერა. წუხილი იმდენად გულწრფელი და ღრმა იყო, რომ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა რაღაც მეღონა... ცხადია, ვიცოდი, ბევრს ვერაფერს გავაწყობდი, მაგრამ ცდას რა უდგას წინ?! დავწერე წერილი და გავემართე გაზეთ „კომუნისტის" რედაქციისკენ. როგორი თავხედი ვარ?! ჩემი განზრახვა ერთადერთმა კაცმა იცოდა, ჩემი მეგობრის - კახა ჩხაიძის მამამ, რადგან ძია გურამმა თვითონ მითხრა - ნუგზარ ფოფხაძეს მიუტანე წერილი და მერე ის მიხედავს თუ მისახედი იქნებაო. მაგრამ ვფიცავ და დამემოწმება ჩემი უფროსი მეგობარი და დამრიგებელი - ბატონი ნუგზარი, - რომ ძია გურამს მისთვის არ დაურეკავს და არც ჩემი მიღება უთხოვია.

აი ასე თავხედურად მივადექი, უფრო სწორად, ა ვ ა დ ე ქ ი „კომუნისტის" რედაქტორს. მდივანმა, რომლის სახელი თუ არ მეშლება მანანა გახლავთ, ადგა, შევიდა კაბინეტში და მოახსენა რედაქტორს. დიდხანს რომ არ გავჩერებულვარ მოსაცდელში ესეც კარგად მახსოვს და შევედი. გავეცანით ერთმანეთს, გავისაუბრეთ და ისიც კარგად მახსოვს როგორ უცბად დაინგრა მითი „კომუნისტის" რედაქტორის შეუვალი, მრისხანე, პირქუში ხასიათის შესახებ.... (არადა, ზოგიერთი ხომ იყო ასეთი?!) ბატონმა ნუგზარმა წერილი წაიკითხა, გაიღიმა და მითხრა, „ახლა ცოტა ხანი მაცადე და მე ვიცი ამას რასაც ვუზამო" და წერილი უჯრაში ჩადო...

 

„როდის დაბეჭდავთ?" არ ვეშვები. „ზუსტად იმ დროს, როცა საჭირო იქნება!" ამით დავშორდით და გამოვედი. ცხადია, წერილის დაბეჭდვაზე აღარც მიფიქრია და არც მიოცნებია, რადგან ჩავთვალე, რომ წერილი დასამარდა. მაგრამ გადის დრო და... სრულიად მოულოდნელად, როცა საერთოდ აღარ ველოდი წერილის გამოქვეყნებას, ის დაიბეჭდა მოწინავე გვერდზე. ვინც იცის ან ახსოვს რას ნიშნავდა იმ დროს მოწინავე გვერდზე დაბეჭდვა, მაშინ ისიც ეცოდინება რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ თითქოს უმნიშვნელო ფაქტს. მერე კი აგორდა, აგორდა და... შედეგმაც არ დააყოვნა. ცხადია, დეტალებზე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ბევრი რამ „მაღალ ინსტანციებში" გადაწყდა და ეს სხვა დროს...

 

ამაზე სჯობს ბატონმა ნუგზარმა და მე ერთად ვისაუბროთ, თუკი ის მოისურვებს ან მოიცლის...

 

დღეს უნივერსიტეტის დამაარსებლის დაბადების დღის ლამის წინდღეა და რაც ახლა ხდება მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში უფრო მამძიმებს და მაშფოთებს... იქნებ მალე გაიაროს ამ სახადმა რაც ერს დაემართა... რა ხდება, საით მივდივართ?"- წერს ზაზა სიამაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner