logo_geo
eng_logo
პრემიერ- მინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
- +

22 აპრილი. 2016. 22:19


მივესალმები საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ასამბლეის პატივცემულ წევრებს და ელჩებს.

 

ბატონებო და ქალბატონებო,


დღეს ჩემი აქ ყოფნის მიზანია ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვისადმი საქართველოს ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურება, მაშინ, როდესაც ამ ხედვის რწმენა საყოველთაო გამოცდის წინაშე დგას. საქართველოსთვის ეს პროცესი შეუქცევადია. ჩვენ დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ იმისათვის, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის წევრი ქვეყანა გავმხდარიყავით.


საქართველო 1999 წლის აპრილში გახდა ევროპის საბჭოს წევრი. თითზე ჩამოსათვლელია ის ინსტიტუტები, რომლებიც ისე სრულყოფილად და ნათლად განასახიერებენ ევროპას, როგორც ევროპის საბჭო. საქართველო, თავისი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ბევრ ორგანიზაციას შეუერთდა, რათა გაწევრებულიყო ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. მაგრამ სწორედ ევროპის საბჭოს წევრობამ უზრუნველყო ჩვენი ევროპეიზაცია, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, რაც მოიცავს ჩვენი ისტორიული ფესვების დაფასებას და თითოეული მოქალაქის გაძლიერებას.


ევროპელობა გეოგრაფიული ცნება კი არ არის, არამედ უსაფრთხოების, ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების არსებობის შეგრძნებაა, რომელიც ასახავს კონკრეტულ სოციალურ კონტრაქტს (ურთიერთობა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის).


ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ევროპის დემოკრატიული გამოცდილება ეფუძნება იდეას, რომ მოქალაქეებს აქვთ ხელშეუვალი უფლებები, რომლებზეც უმრავლესობის ტირანიას არავითარი გავლენა არა აქვს.


ჩვენ ვქმნით ევროპული ხარისხის სოციალურ კონტრაქტს, რომელიც არ ექვემდებარება სხვის მიერ რატიფიკაციას, ვეტოს დადებას, სახელშეკრულებო პირობების დაწესებას, დამტკიცებას ან გადახედვას.


და, მიუხედავად გარკვეული საგარეო თუ საშინაო პრობლემებისა და არსებული პირობებისა, ჩვენ მივიწევთ წინ!


რეჟიმები 2012 წლამდეც იცვლებოდნენ, თუმცა არა არჩევნების გზით. ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რამაც გამოიწვია რეჟიმის შეცვლა. 2012 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები - ადგილობრივი და საპრეზიდენტო, რომლებიც სამართლიან გარემოში წარიმართა. წლევანდელი არჩევნები კი დააგვირგვინებს ამ ციკლს.


ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები ნეგატიური სიურპრიზების გარეშე, რომლის დროსაც არ იყინება საბანკო ანგარიშები და არავინ აკონტროლებს, თუ რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოქალაქეებს, როდესაც არ ხდება სატელიტური თეფშების კონფისკაცია და ყველა კანდიდატს აქვს წარმატების შესაძლებლობა საარჩევნო ყუთებთან.


ჩვენ მოუთმენლად ველით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგს ორი მიზეზით:


  • პირველი: საერთაშორისო მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოში მაშინ, როდესაც არჩევნებში წაგება დაუშვებელი იყო: ჩვენ გვქონდა თქვენი იმედი, როცა ჩვენი ხმა არ ისმოდა.


  • მეორე: 2016 წელს უნდა ჩატარდეს ყველაზე გამჭვირვალე, სამართლიანი და თანასწორი არჩევნები.


ჩვენი სურვილია, რომ თქვენც ჩვენთან ერთად იზეიმოთ ამ არჩევნების შედეგები, როგორიც არ უნდა იყოს ისინი.


  • ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული ტრანზიციიდან დემოკრატიულ კონსოლიდაციაზე. გამარჯვებულს ყველაფერი არ ერგება და დამარცხებული ყველაფერს არ დაკარგავს.


  • და ჩვენ ამით ვამაყობთ.

ჩვენ „დავნერგეთ" ევროპა საქართველოში და ჩვენ გადავაჭარბეთ ევროპის მოლოდინებს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და დემოკრატიზაციის კუთხით.


ჩვენ ვართ იმის მაგალითი, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა, დახმარების მიმღები ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფისათვის გამიზნული სახელშეკრულებო პირობები, ინსტიტუტების მშენებლობა, შესაძლებლობების/უნარების განმტკიცება ქმედითია და ამართლებს მაშინ, როცა ჩვენ გათავისებული და შესისხლხორცებული გვაქვს ჩვენ წინაშე მდგარი მიზნები.


თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, სხვებსაც შეუძლიათ. დღეს ჩვენ გვაქვს წარმატებული რეფორმების განხორციელების გამოცდილება: მიზნების დასახვა, ამოცანების განსაზღვრა, საქმიანობის დროულად და ხარისხიანად შესრულება.


სულ ახლახან ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნები, რაც ხსნის დაუბრკოლებელი მიმოსვლის პერსპექტივას.


  • გასაგები მიზეზების გამო, ყველა საქართველოს მოქალაქე მოუთმენლად ელის ამ სივრცეში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ღირსეული მოგზაურობა ევროპაში, სათანადო მიღება და ნდობა იქნება „ევროპაში დაბრუნების" ყველაზე ნიშანდობლივი და საგრძნობი გამოხატულება, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული.


  • ვილნიუსიდან ათენში ან მადრიდიდან ბუქარესტში პირდაპირ მოგზაურობის შესაძლებლობა ევროპელობის არსის თავიდათავია.


  • 100 მილიონ ევროპელს, რომლებიც 2004 წელს შეუერთდნენ ევროკავშირს, კარგად ესმის ქართველთა ლტოლვა ასეთი თავისუფლებისადმი.


  • თავისუფლება არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.


  • რეფორმების წლებისა და გაღებული მსხვერპლის შემდეგ, თბილისი დაუდასტურებს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ პროევროპელობას სარგებელი მოაქვს, და ჩვენ შევძლებთ მათ ვუთხრათ, „შემოგვიერთდით, ვისწავლოთ, ვიშრომოთ და ვიხაროთ ერთად".


თითოეული შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, არის დაუღალავი შრომის შედეგი.


  • თითოეული სტრატეგია არის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც მოითხოვს კონცენტრირებას, კოორდინირებას, როლების განსაზღვრას, ინიციატივას, პასუხიმგებლობის გრძნობასა და ლიდერობას.


  • რეფორმების მთელი არსი იმ ღირებულებათა ჯაჭვშია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ადგილს ევროპაში, ანუ იმ ცივილიზაციაში, რომლის პოლიტიკური პროცესების ცენტრშიც არის ადამიანი.


  • დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციები, მონიტორინგი, ანგარიშების მიწოდება და შეფასება არავის არ აძლევს მოდუნების საშუალებას.


  • მეორე მხრივ, ევროპული სტანდარტების დაცვა არის ვალდებულება, რომელიც უკვე ჩვევაში გადაიზარდა.


  • წლიდან წლამდე გატარებული რეფორმების საბოლოო შედეგი კი ის არის, რომ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას აქვთ რეალური ძალაუფლება.


ადამიანის უფლებები


ადამიანის უფლებათა უპირობო დაცვით, ჩვენ ვაშენებთ სახლს, რომელშიც ყველა საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობს შინ, სახლს, რომლის დატოვებაც არავის არ უნდა.


ადამიანის უფლებათა დაცვის შვიდწლიანი ეროვნული გეგმა მიზნად ისახავს იმ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, რომლებსაც ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს როგორც ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედს:


  • ჩვენ კანონგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციისა და აღმსარებლობის ნიშნით;


  • ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელშიც ეროვნულ უმცირესობებს აქვთ კულტურის, რელიგიის, ენის, უსაფრთხოებისა და თანაბარი შესაძლებლობების უფლება. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა უზრუნველვყოთ საქართველოში მიმდინარე განვითარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში უმცირესობათა ჩართულობა;


  • ჩვენ ვაშენებთ ისეთ საზოგადოებას, რომელშიც ქალები არა მარტო დაცული არიან, არამედ დიდ წარმატებებსაც აღწევენ. 2015 წლის ივლისში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეცათ მსხვერპლი ქალების სახელით სარჩელის შეტანის უფლება. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტამბოლის კონვენციას. ჩვენ გვაქვს გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა. მოუთმენლად ველი დავოსის გენდერული ეკონომიკური თანასწორობის ინდიკატორების გამოქვეყნებას. ცხადია, საქართველოს კიდევ დიდი გზა აქვს წინ, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ინდიკატორებს, რაც ყველა სერიოზული სტრატეგიის საფუძველია.


ჩვენ გარდავქმენით შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად და მივიღეთ ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომლითაც დაცულია ადამიანის უფლებათა პატივისცემის უმაღლესი სტანდარტები, ასევე კანონზომიერების, თანასწორობის, თანაბარზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპები. არატოლერანტობის კრიმინალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ მისი მიუღებლობის განცდა.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ღირსეული ცხოვრების პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ბევრად უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის მიღებისა და სოციალური

დახმარების გაორმაგების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა შემდეგი პრიორიტეტებით:


  • სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა საქმიანი და საინვესტიციო გარემოს შემდგომი ლიბერალიზაციის გზით, რაც, სხვა ასპექტებთან ერთად, მოიცავს საგადასახადო რეფორმასა და მეწარმეობის მხარდაჭერას;


  • მოქალაქეთა გაძლიერება უნარების განვითარების ხელშეწყობით, რასაც უზრუნველყოფს განათლების სისტემის რეფორმა, რომლის მიზანია პროფესიული კადრების მომზადებასა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის შეუსაბამობის აღმოფხვრა;


  • ღია მმართველობის განმტკიცება, რასაც ემსახურება ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესების უზრუნველყოფა, ოპოზიციისათვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორისათვის აზრის გამოსახატავად პლატფორმის უზრუნველყოფა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაცია, საჯარო მომსახურების ყველა ტიპისთვის „ერთი ფანჯრის" სისტემის დანერგვის ჩათვლით;


  • შესაბამისი „რბილი პოლიტიკის" სტრატეგიების გატარებასთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც ემსახურება აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის სავაჭრო დერეფნების გაფართოების საქმეს, აგრეთვე ვახორციელებთ ინვესტიციებს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მდებარე სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გამოყენებაში, მისი ტურისტული პოტენციალის ჩათვლით, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს შესთავაზებს ჩვენს მოქალაქეებს.


ბატონებო და ქალბატონებო,


საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. ევროპის საბჭო, როგორც უფრო ადამიანის უფლებათა დამცველი, ვიდრე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.


კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. ბორდერიზაციაა, კერძოდ კი, რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე აღმართული ხელოვნური დაბრკოლებები, რომლებიც ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან მიმოსვლის, კერძო საკუთრების, საოჯახო საქმეების წარმართვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სამოქალაქო თუ ეკონომიკურ უფლებებს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხი, ეს არის ის, რომ ევროპის საბჭოს ხელი არ მიუწვდება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებთან. მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა, ადამიანის უფლებათა კომისარსა და ევროპის საბჭოს არ მიეცათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება.


ჩვენ ვცდილობთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას, რისთვისაც ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, თუ არ იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.


გარდა ამისა, ჩვენ აღშფოთებული ვართ ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმის გამო, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ეს მოვლენები არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდი ალბათობით, სავალალო შედეგებსაც მოუტანს ისედაც არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონს.


კანონის უზენაესობა


მოქალაქეთა უსაფრთხოება და გაძლიერება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ აღარ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც ყოველ ოჯახს ვიღაცა ჰყავს ციხეში, თუმცა ასეთი ვითარება იყო სულ რამდენიმე წლის წინ, და არც ის ქვეყანა ვართ, რომელსაც სამარცხვინო რეკორდი ჰქონდა ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით, აღარ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას შეუძლია თქვენი ან თქვენი ახლობლის პატივის აყრის მუქარით გამოგძალოთ თანხა ან ამომრჩევლის ხმა.


ჩვენ ვართ ევროპელები და ეს ცნება მოიცავს ღირსებას, რაც ქართველობის უმთავრესი ნიშანია.


ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან თომას ჰამარბერგთან, ევროპის საბჭოს ამჟამინდელ სპეციალურ წარმომადგენელთან მაიკლ ო'ბოილთან, ევროკომისიასა და ამ ფორუმთან, რათა უზრუნველვყოთ ის, რაც თავისთავადი მოცემულობა უნდა იყოს:


  • დეპოლიტიზებული პოლიცია; პროკურატურა, რომელიც ებრძვის დამნაშავეებს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა;


  • პოლიტიკური თუ სხვა სახის გავლენისგან თავისუფალი მართლმსაჯულება; საპროცესო გარიგების სისტემა, რომელიც არ ისახავს მიზნად გამოძალვასა და შანტაჟს - საპროცესო გარიგების სისტემა, რომელიც ემსახურება სამართლიანობას;

სასჯელაღსრულების სისტემა, რომელიც არ ემსახურება ანგარიშსწორებას და მასობრივ ტერორს.


მივაღწიეთ თუ არა სრულყოფილებას?


სრულყოფილებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ჯერ ევროპაში არა ვართ. ჩვენ გვავქს მიუწვდომელი უტოპია. ასეთი სწრაფვა ევროპული სულისკვეთებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენი სწრაფვა კონსტრუქციული უტოპიისკენ, იმ ერის უმთავრესი ნიშან-თვისებაა, რომელმაც შექმნა ღვინო და რომელიც მიზნად ისახავს, ააშენოს რესპუბლიკა.


ეს არის მძიმე, მაგრამ ღირსეული შრომა.


საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის შეთანხმებული 2016-2019 წლების გეგმა კონცენტრირებულია სასჯელაღსრულების და მართლმსაჯულების სისტემათა მხარდაჭერაზე. ზოგადი სახის მოქმედებიდან ჩვენ გადავდივართ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც არსებულ პრობლემებთან გამკლავებას ისახავს მიზნად.


  • მართლმსაჯულების სისტემისა და პროკურატურის დამოუკიდებლობა განმტკიცებულია უვადოდ დანიშვნითა და კოლეგების მხრიდან რეგულირებით და ზედამხედველობით, რაც ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან მოყოლებული განახორციელა რეფორმების სამ ეტაპად.


  • ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შორის თანასწორი უფლებებისა და სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, განმტკიცდა სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა. ჩვენ მოვახდინეთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის კონსოლიდაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უსაფრთხოებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.


  • ჩვენი მმართველობის პერიოდში პატიმართა რიცხვი განახევრდა. პატიმრობა განიხილება როგორც უკიდურესი ზომა. ჩვენ ასევე უზრუნველვყავით გარანტიები არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის.


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საზოგადოებას არ ეშინია ხელისუფლების.


და დიდი ალბათობით, ესაა მიღწევა, რომლითაც ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ, თუმცა ვწუხვართ, რომ კანონის უზენაესობა არ ვრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და ლტოლვილებისათვის მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთაა - ესაა ძალისხმევა ნდობის აღდგენის პროცესებში, საზოგადოებისათვის ხმის მიწვდენა და იმედის ქონა, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ქვემოდან ზემოთ.


ვაღწევთ იმ შედეგებს, რაც შეგვიძლია და როდესაც ეს შეგვიძლია.


შედეგების მიღწევის პროცესში ჩვენ გვაკრიტიკებენ და გვაკვირდებიან, ეს ასეც უნდა იყოს.


ჩვენი საქმიანობა არა ტექნოკრატიული, არამედ პოლიტიკურია.


როგორც საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები, ჩვენ ვქმნით დღის წესრიგს, ვანიჭებთ პრიორიტეტებს, გამოვყოფთ რესურსებს, ვიღებთ პასუხისმგებლობას - ერთი სიტყვით, ჩვენ ვუძღვებით ქვეყანას.


ჩვენს მთავრობას საფუძველი აქვს სჯეროდეს, რომ კანონის უზენაესობისადმი ნდობის გასაძლიერებლად საჭიროა არა მხოლოდ რეფორმები, არამედ სამართლიანობის აღდგენაც. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ისეთ ადგილად ვაქციოთ, რომ მოქალაქეებს აქ ცხოვრება გაუადვილდეთ, ჩვენ არ გვინდა შედეგებით ტრაბახი.


დემოკრატიის ისტორიაში, სამართლიანობის აღდგენას ყოველთვის არაერთგვაროვნად აფასებდნენ. სამართლიანობის აღდგენასა და ლუსტრაციას შორის ვიწრო ზღვარია და კრიტიკა გარდაუვალია.


  • ჩვენ გვინდა ერთობა, თუმცა არა მართლმსაჯულების ხარჯზე, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულება, თუმცა არა ერთობის ხარჯზე.


  • ესაა ჩვენი გორდიას კვანძი.


  • თუმცა ამ კვანძს ჩუმად არ გადავჭრით. „ჩვენი სიცოცხლე მთავრდება მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან საკითხებზე გაჩუმებას ვარჩევთ," - თქვა მარტინ ლუთერ კინგმა.


  • ჩვენ უნდა გავხსნათ ეს კვანძი.


  • საქართველოს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ უნდა გაიზარდოს. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის საფუძველია.


მედია


ჩვენ ვთვლით, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია. საქართველოში ეს უფლება არავის ეზღუდება.


  • არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს" 2015 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია აღმოსავლეთ ევროპაში.


  • ბოლო ოთხი წლის განმავლობაში Freedom House აქვეყნებს ძალიან პოზიტიურ ანგარიშებს საქართველოს შესახებ.


  • ხოლო, რაც შეეხება ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლებას, საქართველო, ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, ამ მხრივ მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.


2012 წლის შემდეგ ჩვენ შევქმენით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ციფრული სამაუწყებლო რეჟიმი. ჩვენ დამატებით ზომებს ვიღებთ.


  • საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო ნამდვილად დამოუკიდებელია და მის მუშაობაში მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები.


  • საკაბელო ტელევიზიები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მედიაპლურალიზმი და, must carry და must offer პრინციპების შესაბამისად, არ შეზღუდონ ალტერნატიული მოსაზრებების მატარებლები.


კონსოლიდაცია


როგორც ზემოთ აღვნიშნე, აპრილში აღვნიშნავთ საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის 17 წლის იუბილეს, ხოლო მაისში - საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. 25 წელი მთელი თაობაა. ეს თაობა მიილტვის ევროპისკენ, რათა უფრო სრულყოფილი გახდეს დამოუკიდებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია თითოეული ქართველისათვის.


დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ჩვენ კონკრეტულ ცივილიზაციას ვირჩევთ. ეს არის ჩვენი არჩევანი.


ბატონებო და ქალბატონებო,

ევროპის საბჭო განასახიერებს ევროპულობას და ურთიერთობის იმ სახეს, რომელიც ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, გვსურს ევროპასთან.


ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური ასამბლეა არის პარტიული ფორუმი, რომელიც ისევე ეხება პოლიტიკას, როგორც სტრატეგიებს. მიუხედავად ამისა, ყველას, როგორც ჩვენს მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, წელს ერთი თხოვნით მოგმართავთ: მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც იამაყებთ. რასაკვირველია, იყავით კრიტიკულად განწყობილი, მაგრამ ხელშეწყობაც არ დაგავიწყდეთ.


დაგვეხმარეთ შენობის აღმართვაში იმ საფუძველზე, რომელიც ჩვენ ერთად ჩავყარეთ. დაგვეხმარეთ მაქსიმალურ თვითრეალიზაციაში ჩვენს ქვეყანაში, რომელიც, ნაწილობრივი ოკუპაციის მიუხედავად, სისხლით ხორცამდე ევროპულია.


საქართველომ გაამართლა მოლოდინები. ჩვენ ვართ მაგალითი იმისა, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა, ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დახმარების მიმღები ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფისკენ გამიზნული სახელშეკრულებო პირობები და რეფორმები მართლაც შესაძლებელია და შედეგები მოაქვს.


ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად ვიაროთ. ერთად, ყველა დაბრკოლებისა და იმ ძალის მიუხედავად, რომელიც ევროპის დანაწევრებას ცდილობს, დავდგეთ ისტორიული სიმართლის მხარეს. დავდგეთ

ერთად იმის დასაცავად, რასაც ევროპა განასახიერებს. ჩვენ ვართ ევროპელები, რაც არის იმ ღირსების არსი, რომელიც ყველა ქართველს უდევს გულში. ევროპელობა არის მოქალაქის ღირსება, რომელსაც ყველა ქართველი იმსახურებს, ხოლო ღირსება არის იდენტობის საყრდენი.


გმადლობთ!



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner