logo_geo
eng_logo
უამინდობის გამო რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

10 იანვარი. 2018. 15:14



წუხელ შექმნილმა უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ადგილას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად,  შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.


ძლიერმა ქარმა ხაშურში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას  სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ადგილას იმყოფებოდნენ  შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური სურამში მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას.


ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მთიდან წამოსული ნიაღვრების წყლის დონის დაკლების შემდეგ,  შესაძლებელი გახდება უფრო ეფექტური ღონისძიებების გატარება.


ძლიერმა წვიმამ პრობლემები მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ოჯახსაც შეუქმნა.  სოფელ მცხეისში - სამი და სოფელ ცხალდუდში ორი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.  ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მიმდინარეობს  ზარალს დათვლა.


უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა თელავისა და საგარეჯოს მოსახლეობასაც - დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. მთელი ღამის განმავლობაში, თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო სამსახურები, ამ მომენტისთვის კი შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან.


ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა რუსთავშიც. ქარიშხალმა რამდენიმე საცხოვრებელი შენობისა და ბუნებრივი აირის მილები, ბილბორდები და საახალწლო განათებები დააზიანა. ქარმა რამდენიმე მისამართზე სახურავების პარაპეტები და ხეებიც მოგლიჯა. ქალაქში არსებულ ვითარებას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერიც ეცნობა.  მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.


ძლიერი ქარის შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის ,,ენერგო-პრო ჯორჯია'' ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner