ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩეჩნეთში პირველი შემზარავი ომის შემდგომ ასე გამოიყურებოდა გროზნოს ცენტრში მთავრობის სასახლე, ისტორიული შენობა, სადაც ვაინახთა დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ჯოხარ დუდაევის რეზიდენციად იქცა. აქ იმართებოდა დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბრიფინგები ჟურნალისტთა კორპუსთან... ამ შენობის მარმარილოს დარბაზში სამეგრელოდან ჩამოსვენებული მოკლული ზვიად გამსახურდია დაიტირა მთელმა კავკასიამ და უკანასკნელ გზაზე გააცილა მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩასულმა უამრავმა ადამიანმა...
მეორე, კიდევ უფრო შემზარავი ომის შემდგომ, როდესაც რუსულმა იმპერიამ ვაინახთა ორი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი და ასლან მასხადოვი ფიზიკურად გაანადგურა, რუსულმა ავიაციამ ეს შენობაც მიწასთან გასწორა და გროზნოს ცენტრში ნანგრევების და ტრიალი მინდვრის გარდა აღარაფერი იყო დარჩენილი...
დღეს ოკუპირებულ გროზნოში წლებია მთელი ქალაქის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ამ ადგილას, სადაც ისტორიული მთავრობის სასახლე იდგა, დღეს აია სოფიას მსგავსი მეჩეთია აღმართული... კავკასიის ისტორია კი ახალ ფურცლებზე იწერება..." - წერს ირაკლი შონია.