8 იანვარს გარდაიცვალა შეუდარებელი ქალბატონი - მარიკა ლორთქიფანიძე
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ძალიან დამენანა, საოცარი ქართველი იყო, ისე გულიანად დაგამშვიდებდა, დაგარიგებდა, აგიხსნიდა, თუკი მიმართავდი, არასოდეს გეტყოდა უარს, იმიტომ, რომ საუცხოოდ იცოდა ყველაფრის გადმოცემა.
მე ზუსტად ვიცი, აკადემიკოსები უნიჭონი ვერ გახდებოდნენ იმ საქართველოში. დიდებული ისტორიკოსი, პატრიოტი, მოუბარი და რამდენი რეგალიის პატრონი. ქალბატონი მარიკა ბოლომდე უთბილეს, მაგრამ პროფესიონალ ადამიანად დარჩა პროფესიაში, თავის წიგნებში, სამეცნიერო ნაშრომებში თუ სამშობლოს სიყვარულში! მქონდა პატივი ქალბატონი მარიკაც მცნობოდა და მისი ლეგენდარული ძმა, თეატრის და კინოს საუცხოო რეჟისორი, ბატონი გიგა ლორთქიფანიძე. მრავალი წელი მაკავშირებდა ჟურნალისტობა ორივე ლეგენდასთან და ეს ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. დიდი მადლობა მათ, რაც მასწავლეს ცხოვრების გზაზე.
ასე მგონია, რომ და-ძმა აუცილებლად შეხვდება ერთმანეთს, ნათელი და სანთელი ორივეს!
ბოლო ფოტოები, უნივერსიტეტის დარბაზშია გადაღებული, გარეთ წვიმდა და თმადასველებული მივედი: მერე რააო, ქალბატონმა მარიკამ, ფოტო ხომ ისტორიააო, ისტორიკოსმა. და აი, ჩემს არქივს დაურჩა ის დრო, რომელიც ერთად გავატარეთ იმ ჩვენს ბოლო საღამოს...