ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„გია, გიორგი ჭანტურია ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი, სკოლაში სწავლის პერიოდში. ის ჩემი კლასელის და მეგობრის ზურაბ გუმბერიძის (შემდეგში ცნობილი დიპლომატის) მეზობელი და მეგობარი იყო. ამიტომ გიას შესახებ თითქმის ყველაფერი, მისი მძიმე ბავშობიდან დაწყებული ვიცი. ვიცი ის ლეგენდარული ისტორიაც, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან პატარა გია, ცნობილ 31 -ე ქარხანაში დაზგასთან მუშაობდა და საკუთარ ოჯახს ეხმარებოდა... გიაზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი...; მაგრამ დღეს მინდა სხვა, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, გავიხსენო არა მარტო მისი ბიოგრაფიისათვის, არამედ მთელ ჩვენი ქვეყნისათვის.
გია ჭანტურიას სახელთან, როგორც ბრწყინვალე ქართველ მენეჯერთან უშუალოდ არის დაკავშირებული ისეთი პროექტები, როგორიცაა ნავთობსადენები ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიხანი, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი. დიახ ეს მეგა პროექტები, რომელთა განხორციელება, ნამდვილად შედეგი იყო რეგიონში მიმდინარე დიდი სახელმწიფოების ინტერესთა სასტიკი დაპირისპირებისა, რომელსაც ძველი ტერმინი „დიდი თამაში" ეწოდა. მოგვიანებით კი მეორე სახელიც დაარქვეს „კასპიური დერბი". ეს ორივე სახელი ჩემი მოკრძალებული აზრით, აშკარად სიღრმისეულად განსაზღვრავდა რეგიონში მიმდინარე დიდი სახელმწიფოების ურთულეს გეოპოლიტიკურ ბრძოლას: აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი... და ორი პატარა ქვეყანა აზერბაიჯანი, საქართველო, რომელთაც ახლად ჰქონდათ მოპოვებული დამოუკიდებლობა და მთელი არსებული და არარსებული შესაძლებლობებით, ამ ტიტანთა ომში ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ და განემტკიცებინათ არა მარტო საკუთარი დამოუკიდებლობა, არამედ სრულუფლებიანი, თანასწორი მოთამაშენი გამხდარიყვნენ რეგიონის ახალ, დაგეგმილ ენერგეტიკულ ჯაჭვში. აზერბაიჯანი, როგორც მნიშვნელოვანი ნახშირწყალბადის მარაგების მფლობელი ქვეყანა, საქართველო კი როგორც უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანა. გია ჭანტურიას როლი, საქართველოს მიერ სრულუფლებიანი მოთამაშის სტატუსის მოპოვებაში, როგორც მენეჯერის, გნებავთ როგორც ენერგეტიკული დიპლომატიის (ეს ტერმინი ჩემი არ არის) ბრწყინვალე წარმომადგენლის, როგორც საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველის, ურთულეს მოლაპარაკებების დროს, უმნიშვნელოვანესია და შეუფასებელია. მე კარგად მახსოვს უზომოდ გახარებული, აცრემლებული გია, 2001 წლის ივნისში, სტამბულში „Esma Sultan" ის სასახლეში, როდესაც John Browne კომპანია „BP"-ის ხელმძღვანელმა დაასრულა თვისი გამოსვლა და განაცხადა ,რომ მიღებულია გადაწყვეტილება ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტის განხორციელების შესახებ და პროექტირების ეტაპის სასწრაფოდ დასაწყებად და გიას სიტყვები" ჩვენ სხვა ქვეყანა ვხდებით..."
ვუსამძიმრებ გია ჭანტურიას ოჯახს, ვუსამძიმრებ გიას უამრავ მეგობარს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს მისი ღირსეული და ნამდვილად ვალმოხდილი შვილის გარდაცვალებას!" - წერს