logo_geo
eng_logo
რა ხდებოდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე 2017 წელს?
- +

11 იანვარი. 2018. 12:53



2017 წლის პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გახლდათ. პოლიტოლოგები აცხადებდნენ, რომ ტრამპი გახდა თეთრი სახლის ლიდერი იმაზე ნაკლები მხარდაჭერით, ვიდრე ოდესმე ჰქონია აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტს. ტრამპის ინაუგურაცია იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან მედიას შეუტია. „ომს ვაწარმოებ მედიასთან. ისინი დედამიწის ზურგზე ყველაზე უსინდისო არსებები არიან", - განაცხადა ტრამპმა. მას მხედველობაში, პირველ რიგში, ამერიკული მედია ჰქონდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრამპს მხოლოდ მედიასთან არ მოუწევდა ბრძოლა. პრეზიდენტობის 10 თვეში ტრამპმა თავისივე დანიშნული 12 მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი გადააყენა თანამდებობიდან.


საშინაო პოლიტიკაში ტრამპმა წარუმატებლობები პრეზიდენტობის დაწყებისთანავე განიცადა. სწორედ ამ გარემოების გასანეიტრალებლად და საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად ტრამპის ბრძანებით დაიბომბა ფრთოსანი რაკეტებით სირიის სამთავრობო ჯარების აეროდრომი. თუმცა მისი ერთ-ერთი დაპირება ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან უკომპრომისო ბრძოლა და მისი სრული განადგურება გახლდათ. ამისთვის აშშ-ისა და რუსეთის სამხედროებმა გარკვეული შეთანხმებაც დადეს _ ამიტომაც აღმოჩნდა მსოფლიო საზოგადოებისთვის მოულოდნელი სირიის სამთავრობო ჯარების აეროდრომის დაბომბვა.


საინტერესო გახლდათ ის გარემოება, რომ ტრამპმა შეტევის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი იმყოფებოდა. ტრამპმა ჩინელ სტუმარს დაბომბვის შესახებ ოფიციალური სადილობისას აცნობა, როდესაც დესერტად შოკოლადის ტორტს მიირთმევდნენ. მოგვიანებით ექსპერტებმა ფაქტი ნართაულ მუქარად შეაფასეს, თუმცა სტუმარს არანაირი რეაქცია არ ჰქონია და არც კომენტარი გაუკეთებია. მოგვიანებით ჩინეთის მხარემ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა.


მოსკოვში ტილერსონის სტუმრობის თითქმის ერთი თვის შემდეგ სერგეი ლავროვმა განახორციელა საპასუხო ვიზიტი ვაშინგტონში. ტილერსონის შემდეგ ლავროვი დონალდ ტრამპმა მიიღო. რუსეთის ოფიციალური პირები, 2013 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილან თეთრ სახლში. ამჯერად შეხვედრა ოვალურ კაბინეტში შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სტუმარ-მასპინძლებმა ნაყოფიერად შეაფასეს. გავრცელებული ინფორმაციით, უნდა შექმნილიყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებდა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას დიდი ოცეულის ფარგლებში. ლავროვის ვიზიტმა ახალი ძალით ააგორა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანია, ამერიკული პრესა წარმოუდგენელი ჭორებით დაიხუნძლა.


ამასობაში საფრანგეთში მეთერთმეტე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ევროპელი პოლიტოლოგები და ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ბინძური საარჩევნო კამპანია საფრანგეთის ისტორიაში არ ყოფილა. გამარჯვება ახალგაზრდა, 39 წლის ემანუელ მაკრონმა (რომელსაც 64 წლის ცოლი ჰყავს) მოიპოვა. პირველი ტურის შემდეგ თავის უშუალო კონკურენტს მარი ლე პენს მაკრონი მხოლოდ 1,5 პროცენტით უსწრებდა, ხოლო მეორე ტურში თითქმის 30 პროცენტით აჯობა.


მაკრონისგან განსხვავებით, ლე პენს ჰქონდა სამოქმედო გეგმა. მისი აზრით, საფრანგეთმა უარი უნდა თქვას ევროზე და დააბრუნოს მიმოქცევაში ეროვნული ვალუტა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა ადგილობრივ პროდუქციას. ამის გარდა, დღემდე ლე პენი ნატოში და ევროკავშირში ყოფნას საჭიროდ არ მიიჩნევს.


პირველი ოფიციალური ვიზიტი დაონალდ ტრამპმა ევროპა-ახლო აღმოსავლეთში განახორციელა. ვოიაჟის დაწყებისას პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ ტრამპი ცოტა ხნით მაინც გაეცლება ვაშინგტონის ჭაობს, რომლის ამოშრობასაც აპირებდაო. თავდაპირველად ტრამპი საუდის არაბეთს ეწვია, სადაც მართლაც გრანდიოზული დახვედრა მოუწყეს. არაბეთში ტრამპმა 280-მილიარდიანი ხელშეკრულებები გააფორმა.


საუდის არაბეთის და ისრაელის შემდეგ ტრამპი ევროპას ეწვია. ტრამპის ევროკავშირში ვიზიტის შემდეგ ევროჩინოვნიკები იმედგაცრუებული დარჩნენ, მათ ვერ მიიღეს ფინანსური დახმარების დაპირებაც კი. ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა სიცილიაზე გამართული დიდი შვიდეულის შეხვედრა.


2017 წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში განვითარდა. დიდი ოცეულის სამიტზე დაგეგმილი იყო დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ პირველი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკოსები მოუთმენლად ელოდნენ. დიალოგი შედგა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საუბარს მხოლოდ ამერიკელი და რუსი პირველი დიპლომატები ესწრებოდნენ. ორმხრივი შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.


მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებისთვის ტერორიზმი და მასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლდათ. თუმცა პოლიტიკურ არენაზე წლეულს გაჩნდა ახალი თავსატეხი ჩრდილო კორეის სახით. წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 15-ჯერ გამოსცადეს ბალისტიკური რაკეტები. აგვისტოს მიწურულს ქვეყანაში წყალბადის ბომბი წარმატებულად გამოსცადეს.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ჩრდილო კორეის სრული განადგურებით დაემუქრა. მსგავსი განცხადება გაერო-ს ტრიბუნიდან მისი არსებობის მანძილზე არც ერთ პოლიტიკოსს, მით უფრო, ქვეყნის მმართველს არ გაუკეთებია. სწორედ ამ განცხადებამ შეაშფოთა მსოფლიო. აღსანიშნავია, რომ რეგიონში საომარი ვითარების დაწყებას ეწინააღმდეგებიან იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები. ჩინეთი და რუსეთი ორივე ქვეყანას დიალოგისკენ მოუწოდებენ.


ტრამპის საგარეო პოლიტიკას მიმომხილველების ნაწილი დადებითად აფასებს, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი მოღვაწეობა მან ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოყვანით დაიწყო. ამასთან, ამერიკის მოკავშირე თურქეთთან იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, „ამერიკა არ გვჭირდებაო". პოლიტოლოგების გაოცება გამოიწვია ტრამპის გადაწყვეტილებამ, ირანთან შეაჩეროს ბირთვული თანამშრომლობა. 2011 წელს გაეროს ჩარევით, როგორც იქნა, დაიყოლიეს ეს ქვეყანა, შეეჩერებინა ბირთვულ იარაღზე მუშაობა. ტრამპის განცხადების შემდეგ, ირანელებმა უპასუხეს, რომ მათი ქვეყანა კვლავ დაიწყებს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას.


ამასობაში კი რუსეთი აძლიერებს საკუთარ გავლენას მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურების იქ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საუდის არაბეთის მეფის სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის მოსკოვში სტუმრობა. საუდის არაბეთის მონარქის ვიზიტი რუსეთში ისტორიაში პირველი გახლდათ. არაბეთის დელეგაციის შემადგენლობაში ათასზე მეტი წევრი იყო, რაც ბევრის მთქმელია. ვიზიტისას გაფორმდა 15-ზე მეტი ხელშეკრულება. არაბებს განსაკუთრებით შეიარაღების შეძენა სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე აშშ-სთან გააფორმეს ხელშეკრულება იარაღის შეძენაზე.


აღსანიშნავია ასევე სოჭში გამართული რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა, რომელიც უცხოელმა ჟურნალისტებმა „ახალ იალტად" მონათლეს. ამერიკულმა პრესამ აღნიშნა, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში პოზიციები დათმო და მაყურებლის როლში დარჩა.


გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი. მიუხედავად ტრამპის მუქარისა, რომელი ქვეყანაც არ აღიარებს, დაფინანსებას შევუწყვეტთო, საკითხი ხმების უმრავლესობით ვერ გავიდა. პალესტინის მეთაურის მაჰმუდ აბასის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.


კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რომელიც ესპანეთის კატალონიაში განვითარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 82 პროცენტს გადააჭარბა, ეს მაშინ, როდესაც რეფერენდუმზე მოსახლეობის 43-მა პროცენტმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. არჩევნებზე ხმების უმრავლესობა _ 70 ადგილი დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მიიღეს, რახოის პარტიამ კი მხოლოდ 3 ადგილი მოიპოვა.


იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი 2018 მშვიდობიანი იქნება საქართველოსთვის, და საერთოდ, მსოფლიოსთვისაც, თუმცა ისეთი ვითარებაა სამყაროში, როდის აფეთქდება „ბომბი" სახელად ომი, არავინ იცის...


გია ბურდული


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner