საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა. ახვლედიანის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პირები არიან, რაც პარტიის განვითარებას აფერხებს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხმამაღალი განცხადებები იყო მიზეზი, რის გამოც ახვლედიანს კოალიციის პოლიტსაბჭოს მდივნის უფლებამოსილების შეჩერება მოსთხოვეს.
„ახლა უფრო ნათელი ხდება, რომ სწორედ ამ საბჭოთა მართვის მეთოდებისა და ზედმეტი შენიშვნების, ხმამაღალი განცხადებების გამო ვთხოვეთ მას, შეეჩერებინა თავისი წევრობა პოლიტსაბჭოში და განცდები, მართალი გითხრათ, გვქონდა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ადამიანი არ არის, მგონი, ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია, ვერც ერკვევა სიტუაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ მას პირადი შეურაცხყოფა უნდა მივაყენო, მაგრამ ის რომ საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს, შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის. არმაზ ახვლედიანი საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა და ფიქრობს, რომ მუშტის დაკვრით უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რაც არ შეესაბამება პლურალიზმსა და დემოკრატიულობაზე დამყარებულ სულისკვეთებას, რომელიც პოლიტსაბჭოშია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.