ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი:
ცხადია, რომ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება საშინელებაა, მაგრამ ამ ტრაგედიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება საზიზღრობა!
განსაკუთრებით მაშინ, როცა „მიზანი" სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა.
განსაკუთრების ამაზრზენია ის, რომ ე.წ. "დემოკრატიის დამცველების" განცხადებები სავსეა არა ტრაგიზმით, არამედ ბოღმით. სავსეა იმ ღვარძლით, რომელსაც ვეღარ და შეიძლება ითქვას, რომ აღარც მალავენ.
მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე. ყველა ტრაგედია, რაც ამ ბოლოს საქართველოში მოხდა, გადაყვანილია იმ ჭრილში, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომელიც ხალხის გონებაზე ზემოქმედება, შიშის და უიმედობის დათესვაა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ იმ ფსიქოლოგიურ ბრძოლას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ახორციელებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის აპარატის მაღალჩინოსნები, ყოფილი სახალხო დამცველი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები და "გავლენიანი" არასამთავრობოები.
ახორციელებენ ნამდვილ ტერორს მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები ჯერ უცნობია, რაც ასევე გამოძიებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა.
ეს ომი საქართველოსა და ამ ხალხს შორის უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს და ფრონტის ხაზი ჯერჯერობით მხოლოდ ტელეეკრანებთან გადის.
მთავარი შემსრულებელი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებაა, ხოლო მის მიერ აფეთქებული ფსიქოლოგიური ნაღმის ნამსხვრევებს, სხვებიც იტაცებენ და ვირუსის მსგავსად ახრცელებენ.
სამწუხაროდ მოსახლეობას თავდაცვის არანაირი საშუალება არ გააჩნია, რადგანაც ის ბადე, რომელმაც ნაღმი უნდა აისხლიტოს და გაანეიტრალოს, არ არსებობს.
მხოლოდ ორიოდ მედიასაშუალებაში გახმიანებული ჭეშმარიტი ინფორმაცია, ვერ უწევს ჯეროვან წინააღმდეგობას ფსიქოლოგიურ ტერორისტებს და მათი ხმა ისე იკარგება, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", - წერს გაბრიჭიძე.