შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე განცხადებას აკეთებს:
„დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს. ჩვენ ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ასეთ ძალადობის ფაქტზე ჩვენ ვიქნებით ისეთივე ეფექტიანები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაზარალებულის, თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.