logo_geo
eng_logo
სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს დაუშვებლად ცნოს შპს „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელი
- +

12 იანვარი. 2018. 17:32



მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ, 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.


მათ კონკურენციის სააგენტოს მიმართეს, რომ შესყიდვის სფეროში ავტობიზნესის მხრიდან მოქმედებს კარტელური შეთანხმება და ამაში ბრალი 6 კომპანიას დასდეს:


1. სს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო" - კორეული ავტოგიგანტის, - ჰიუნდაი მოტორ კომპანის ოფიციალური დისტრიბუტორი;


2. შპს ,,ჯითი მოტორსი" - ამერიკული ავტომწარმოებლის ფორდი-ს ოფიციალური წარმომადგენელი;


3. შპს ,,სტრადა მოტორსი" - იტალიური კონცერნის "ფიატ"-ის ოფიციალური წარმომადგენელი;


4. შპს ,,იბერია ავტო" - გერმანული მწარმოებლის, - ფოლკსვაგენის და შკოდას ოფიციალური წარმომადგენელი;


5. შპს "კია მოტორს ჯორჯია" -  კორეული ავტოგიგანტის ოფიციალური წარმომადგენელი;


6. სს "ფრანს ავტო" - ფრანგული სახელმწიფო ავტომწარმოებლის, - "რენო"-ს ოფიციალური წარმომადგენელი.


ამ საკითხთან დაკავშირებით სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ამ ბოლო პერიოდში, შპს „სიტროენ ჯორჯია"-ს მიერ, პრესის მეშვეობით გაკეთებული არაზუსტი, მცდარი და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩავთვალეთ რამდენიმე განმარტება გაგვეკეთებინა შპს „სიტროენ ჯორჯია"-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, თითქოს, საქართველოში მოქმედ, რიგ დამოუკიდებელ, კომპანას შორის არსებობს რაიმე სახის „კარტელური გარიგება".

 

გარდა იმ ფაქტისა, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია"-ს აღნიშნული განცხადება სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან"  და არც სარჩელში დასახელებული სხვა კომპანიების მიმართებაში  არცერთ ასპექტში არ შეესაბამება სიმართლეს, არის აბსურდული, გაურკვეველ და მცდარ ფაქტეზე დამყარებული, გვსურს ხაზი გავუსვათ რამდენიმე ნიუანსს:

 

1. შპს ,,სიტროენ ჯორჯია"-ს საჩივარი დაფუძნებული აქვს 25 ფაქტობრივ გარემოებაზე, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ან/და განზრახ დამახინჯებულად არის წარმოჩენილი 24 ფაქტობრივი გარემოება;

 

2. დარჩენილი 1 ფაქტობრივი გარემოება, უდავოდ სწორია, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია" რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2016 წლის 20 მაისიდან და მის ამონაწერში მითითებულ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარება.

 

3. უდავოა, რომ საფრანგეთის საელჩოს და ,,Automobiles Citroen SA" განცხადებით, შპს „სიტროენ ჯორჯია" არასდროს არ წარმოადგენდა სიტროენის ოფიციალურ დილერს და მას არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია Automobiles Citroen SA-სთან და აღნიშნულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ავტომობილების მომსახურე ცენტრი), რომლითაც ის განახორციელებდა ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას.

 

4. ასევე დადასტურებულია, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია"-ს მონაწილეობა მიღებული აქვს,  ჯამში 5 ტენდერში და 2 გამარტივებულ შესყიდვაში, საიდანაც გაიმარჯვა 3 ტენდერში. ასევე, მასთან  ორი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველი ორგანიზაციების: სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი"-ს, შპს „საქართველოს ფოსტა"-ს, შპს „EXPRESS"-ის, შპს „ბათუმის სამედიცინო დახმარების ცენტრი"-ს მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში შეყვანილია. დანარჩენი 2 (ორი) ტენდერთან მიმართებაში - 1 ტენდერიდან განხორციელდა მისი დისკვალიფიკაცია და 1 ტენდერი  შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყდა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვებადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომჩივანის მიერ აღნიშნული საჩივრის შეტანა ემსახურება კონკურენტი კომპანიების სახელის და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მის საკუთარ ვიწრო ინტერესებს და არაფერი საერთო არ გააჩნია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევასთან ან/და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის რაიმე სახის უკანონო შეთანხმების არსებობასთან," - ნათქვამია განცხადებაში.


ამ ფაქტთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი" სს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს" გენერალურ დირექტორს - დავით გიორგობიანს ესაუბრა:

 

„ეს ჰგავს შეთხზულ ისტორიას. ტენდერების დროს, კომპანიებს შორის ყოველთვის ჯანსაღი კონკურენციაა.  ვთვლით, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ  და ასევე, იმ ხუთმა კომპანიამ, კონკურენციის სააგენტოში შესაგებელი შევიტანეთ. სააგენტომ ოფიციალურად მოითხოვა ჩვენი პოზიცია იმ გარემოებებზე, რომელიც, შპს „სიტროენ ჯორჯია"-მ წარადგინა. ახლა არის სტადია, როდესაც კონკურენციის სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს ეს დავა.

 

სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო" მოუწოდებს  კონკურენციის სააგენტოს, დაუშვებლად ცნოს შპს "სიტროენ ჯორჯია"-ს  სარჩელი.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება  ბიუჯეტის ფსევდო პატრიოტების ჯგუფის მიერ  შეთხზული ბრალდებების საფუძველზე  სახელმწიფოს მხრიდან  საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორი კომპანიების წინააღმდეგ ე.წ "რეკეტის"  მცდელობას. რაც, საქართველოს  უახლესი ისტორიის  მანკიერ  პრაქტიკას  წარმოადგენდა".




მისივე თქმით, აღნიშნული საქმის წარმოების შემთხვევაში, რადგან შეთხზული ბრალდებები ატარებს სერიოზულ  რეპუტაციულ  და ფინანსურ რისკებს, ქვეყანა ვერ  აცდება  საერთაშორისო რეზონანსს.




„პროცესებში აუცილებლად ჩაერთვებიან  მწარმოებელი კომპანიები და მათი ქვეყნების დიპლომატიური მისიები,  რაც,  საქართველოს საქმიანი იმიჯის შელახვის  და საინვესტიციო გარემოს გაუარესების საწინდარი იქნება.




აღნიშნული კომპანიები მრავალი წელია ოპერირებენ საქართველოში,  გადახდილი აქვთ  და კიდევ იხდიან  ათობით მილიონ ლარს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ახორციელებენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში,  სასაქონლო მარაგებში  და დასაქმებული ჰყავთ ასობით ადამიანი.




იმედს გამოვთქვამთ, რომ  საქართველოს კონკურენციის სააგენტო  ობიექტურად  შეაფასებს ჩვენს არგუმენტებს და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს დააზარალებს" - აღნიშნა სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა- დავით გიორგობიანმა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner