„ლარს გამყარების ტენდენცია აქვს და ეს უმთავრესია, მცირედი კორექტირებები ამინდს ვერ ქმნის. ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები უმჯობესდება, სავალუტო შემოდინებები აშკარად გაზრდილია და პოზიტიური ძვრები ლარის კურსზე პირდაპირ აისახება", - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში ეკონომიკურმა ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა.
"მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკა ერთ-ერთი მდგენელია, რაც ფინანსურ მდგრადობას და მათ შორის, ლარის კურსს განაპირობებს. 2013 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ხარვეზები აღარ გვაქვს, ფინანსთა სამინისტროს ხარჯვითი პოლიტიკა გეგმაზომიერია და სასურველია, ეს პოლიტიკა შენარჩუნდეს", - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
ექსპერტმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, რასაც დღეს ეროვნული ბანკი აკეთებს, სახელმწიფოებრივი ხედვის გამოხატულებაა.
"ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები ყოველთვის მქონდა. ამ უწყებას გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა და შეცდომებიც. დღეს ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ადეკვატურად, ლარის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად იქცევა. ლარის კურსის ხელოვნურად ფიქსირება არ ხდება. ეროვნული ბანკი გამყარების სისწრაფეს აკორექტირებს, რომ ეს პროცესი ბიზნესისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, ფინანსური დანაკარგების გარეშე განხორციელდეს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ფასებმა რომ დაიკლოს, ამისთვის საჭიროა, ბაზარმა ქვეყანაში არსებული მარაგები აითვისოს, რასაც დაახლოებით ორი თვე დასჭირდება.
"ქვეყანა, ძირითადად, იმპორტულ პროდუქტზეა დამოკიდებული. რაც მაღაზიებში იყიდება, ძირითადად, ლარის არასასურველი კურსის პირობებშია შესყიდული. ფასებმა რომ დაიკლოს, ამისთვის საჭიროა, ბაზარმა ქვეყანაში არსებული მარაგები აითვისოს, რასაც დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. პროდუქტების ახალი კურსის პირობებში შესყიდვა კი, ფასების შემცირებას გამოიწვევს", - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.