logo_geo
eng_logo
ნიკი ჰეილი: აშშ ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა...
- +

13 იანვარი. 2018. 11:44



„ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს მიაღწიოს იმას, რომ გაერო-მ ირანის სარაკეტო პროგრამის შემზღუდველი ზომები მიიღოს და თეირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის გარეშე სამხედრო ემბარგო გაამკაცროს", - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელის, ნიკი ჰეილის განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით ის ეხმაურება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ირანისთვის შეერთებულ შტატებთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების შედეგად მოხსნილი სანქციები არ აღდგა.

 

„პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ნათელი გახდა, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.


მისივე თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ამ საკითხს სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს.

 

„ჩვენ ვაპირებთ გაერო-ში ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, რათა გავამკაცროთ ირანის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგო საქმიანობა, გავაძლიეროთ შეიარაღების ემბარგო, დავძლიოთ ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსება, ასევე ნათელი მოვფინოთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებს გარეთ შეიძლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს უფლება, რომ ბირთვული შეთანხმების საფარქვეშ დაარღვიოს გაერო-ს რეზოლუციები და ყველა საერთაშორისო ნორმა", - აღნიშნულია ნიკი ჰეილის განცხადებაში.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების პირობები არ შეცვალა და უცვლელად დატოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner