logo_geo
eng_logo
არმაზ სანებლიძე: მკითხველმა საშობაო საჩუქარი მიიღო - რეზო გაბრიაძის „საშობაო მოთხრობები"!
- +

12 იანვარი. 2018. 11:00



ეს ახალი წელიწადიც (2018) რეზო გაბრიაძის სცენარით გადაღებულმა ფილმებმა გაგვიხალისა - მეკვლესავით გადმოაბიჯა დრო-ჟამის ზღურბლს ჩვენს ოჯახებში ბედნიერების, სიკეთისა და სიუხვის დასამკვიდრებლად.

ნეტამც ასე ინებოს..

და კიდევ ერთი სიურპრიზით გაგვახარა: ქართველმა განათლებულმა მკითხველმა შესანიშნავი საშობაო საჩუქარი მიიღო - ბატონ რეზოს წიგნი „საშობაო მოთხრობები", რომელიც შპს „მაგთიკომმა" გამოსცა. კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საბაზრო ეკონომიკის ამ ბუღალტრულ-კანცელარიული აბრევიატურის (შპს) მიღმა დგანან ხელოვნების მოყვარული ადამიანები, მწერლობის დამფასებლები და ხელშემწყობნი, მეცენატები, ეროვნული კულტურის განვითარებისთვის სიკეთის გამღებნი უშურველად.

მხატვარიც, რა თქმა უნდა, რეზო გაბრიაძეა, რომელმაც ეს საახალწლო ნობათი თოვლიანი პატარა ქალაქისა და უძირო, ცისფერი უსასრულობის ყდაში ჩასმული და მისივე საკოლექციო ნახატების რეპროდუქციებით დამშვენებული მოგვართვა.

გაიხარეთო!

გავიხარეთ, გადავშალეთ და სიამოვნებით წავიკითხეთ უკვე კლასიკად ქცეული „ექიმი და ავადმყოფი" და მეორე, სულ ცინცხალი, ციცქნა „ალილო", როგორც მბრწყინავი ვარსკვლავი ღამეულ ცაზე, ერთი, „ბრჭყვიალა თვალი", სხვა უფრო ბრჭყვიალა თვალთა შორის (იხ. რეზო გაბრიაძის „შერეკილები").

როგორც შენთვის ანთებული ვარსკვლავი, რომელიც შენს გრძნობა-გონებაში შემოდის და მკვიდრდება გულწრფელობად, სითბოდ და სიკეთედ, როგორც ჭეშმარიტად საშობაო ამბავი, ჟანრის კანონების სრული დაცვით გადმოცემული. მაგრამ გაბრიაძის განუმეორებელი სტილით დაწერილი, ხატოვანი სახეებითა და მხოლოდ მისეულ ლოგიკას დამორჩილებული, რაიც ამ საზღვრებს აფართოებს და ქრისტესმიერი სასწაულის მატერიალიზებულ განზომილებაში გადაჰყავს.

როგორ? არ ვიცი.

მე მხოლოდ გაოცება შევძელი, და კიდევ იმის გაგება, რომ, როგორც წიგნის ბოლოთქმაშია განმარტებული, ეს ჟანრი შუასაუკუნეების პირველ ნახევარში „იმდროინდელი მისტერიებიდან და თემატიკიდან იღებს სათავეს", სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას, „რომლის დასაძლევად ქრისტესმიერი სასწაულია აუცილებელი" (გაბრიაძის პროზა ინფორმაციული ფენის სიუხვით გამორჩეულია ყოველთვის).

ხოლო „დროთა განმავლობაში საშობაო ლიტერატურაში რეალური, ცხოვრებისეული პრობლემებიც რომ აისახა", ამას „ალილოც" ამტკიცებს: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბედტეხილები ჩვენი (უფროსთა) თაობის არცთუ შორეული წარსულიდან. რომელთა მომსწრე და მონაწილეც თავად ავტორი და მისი ერთგული მკითხველებიც ვიყავით.

ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ამ წერილში ერთი-ორჯერ თქვენი მონა-მორჩილის რემარკებიც თუ წაგაფორთხილებთ: ჩვენი ახალგაზრდობის დრო იმ წლებზე მოდის.

სიუჟეტი, ერთი შეხედვით, მარტივია: ქუთაისის რუსული სკოლის მოსწავლეებს დირექტორი - Гвардии полковник в отставке Петр Петрович Горгодзе, დიდი ომის ვეტერანი, „რკინისხელიანი" (პროთეზიანი) გამოუცხადებს, რომ მომავალი წლის იანვრის დასაწყისში მონაწილეობა უნდა მიიღონ მხატვრული თვითშემოქმედების ოლიმპიადაში (იყო მაშინ ასეთი „დათვალიერება"), რომლის შარშანდელი ფინალი პირველ სკოლასთან „კვატასავით გაასხეს", და წარუდგინა „გორრონოდან" (ქალაქის განათლების განყოფილებიდან) მათთან მოვლინებული „სპეციალისტი - სამხედრო ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომელი, გამოცდილი ლოტბარი, ამხანაგი თეოფილე", ჩია მოხუცი კაცი.

რომელსაც, ჰოი, საოცრება, (დედაქალაქში ცალი კალოშით ჩამოსულ უნიჭოთა საყურადღებოდ!) „კალოში ორივე ეცვა".

ლოტბარი შეარჩევს გუნდის წევრებს და მათ შორის, განსაკუთრებულად, ლენსტალ ბუნტურს, „კენინსბერგიდან ახლად გადმოყვანილ წრიპა, ყვითელ, ავადმყოფ ბავშვს", რომელიც მისდაუნებურად მოთხრობაში განვითარებული მოვლენების ცენტრში აღმოჩნდება.

ღვთიური ხმა ჰქონდა და იმიტომ...

ოლიმპიადისთვის მზადება გუნდის წევრებს, იხსენებს რეზო გაბრიაძე, ლაღ და შეღავათიან ცხოვრებად გადაგვექცაო, „ერთ მზიან, გაუთავებელ კვირა დღედ.

ამის აღწერა ძნელია.

აღმოვჩნდით სამოთხის ერთ, პატარა, ლამაზ კუთხეში, ჩვილ ბალახზე, გარშემო - პეპლები.

პავიდლო გვაკლდა მხოლოდ".

პოვიდლო ანუ ხილფაფა ჩვენც გვაკლდა - დაწყებითი კლასების ომისდროინდელ მოსწავლეებს - ერთ ციცქნა, მოყვითალო ფერის ფუნთუშებში ნატვრის თვალივით ნაპოვნი საოცნებო დესერტი. ხოლო სამოთხედ ის დღე წარმოგვიდგა, როცა ჩვენმა მეგობარმა ომარ ფრანგიშვილმა თავისი მერხი შეშად აქცია და სტალინის სახელობის ვაჟთა პირველი საშუალო საცდელი სკოლის ერთი, ცალკე აღებული კლასის გაყინულ კედლის ღუმელში რევოლუციურ ცეცხლად ააბრიალა.

იმ რევოლუციას დამსჯელი ექსპედიცია არ მოჰყოლია, რადგან დირექციამ, მცდელობის მიუხედავად, ვერ გაარკვია, ვინ იყო ნაპერწკლიდან ალის ავარდნის ავტორი - ლენინი, თუნდაც - ლენსტალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო საკმაო რაოდენობით გვყავდნენ, იბესტები (იოსებ ბესარიონის ძე სტალინი), ვლადლენები (ვლადიმერ ლენინი), ლენსტალბერები (ამას გაშიფვრა არ სჭირდება) და შეკვეცილი ლოზუნგების სახელებდარქმეულები - დაზმირი (Да здравствует мировая революция!) ზამირა (За мир!) და ა.შ.

ამიტომ ლენსტალის გამოჩენა რეზო გაბრიაძის „ალილოში" მაშინდელებს არც გაგვკვირვებია, არც გვეხამუშა...

არ დამავიწყდეს: იმ „პავიდლოიან ბულკებს" დიდ დასვენებაზე უფასოდ გვირიგებდნენ სკოლაში.

„პავიდილო! ხელის გულზე! უკოვზოდ! ნეტავ იმ დროს!"

ომის დრო იყო.

„ალილოში"  კი ომი უკვე დამთავრებულია, და რკინიგზელთა კლუბში მოსწავლეთა ოლიმპიადის ფინალური კონცერტი უნდა დაიწყოს.

რუსული სკოლის გუნდი სცენაზეა.

„ლენსტალს ლურჯი ხავერდის მოკლე შარვალი ეცვა, ბრეტელებით. ასევე ხავერდის ფუშფუშა ბანტი ეკიდა ძაფივით ყელზე".

და - როგორც იქნა:

„გაიშალა ლურჯი სხივით განათებული წითელი ფარდა და ჩვენი გუნდი წარდგა მაყურებლის წინაშე!

უზარმაზარი ვარსკვლავის ფონზე!

თეოფილე უკვე ხელებაწეული იდგა. მან ხელები კიდევ უფრო აწია და!

ოცდახუთსა დეკემბერსა,

ქრისტე იშვა ბეთლემსაო,

და...

ერთი ნაბიჯით დაწინაურდა სოლისტი ლენსტალი და მარტო ამღერდა:

ჩვენ მათხოვრები არა ვართ,

შობის მახარობლები ვართ, დაა...

ლენსტალის ტკბილი, უმანკო ხმა დაგვშორდა და წავიდა მაღლა, მაღლა, შორს, შორს!

გასცდა ჭერს და დადნა ვარსკვლავეთში!"

და როცა „ყველას ცრემლი ადგა თვალზე", უცებ „პროვოკაცია! - გაისმა ღრიალი ერთ-ერთი ლოჟიდან. ეს გახლდათ ლენსტალის მამა - პოლკოვნიკი... მან სკამი მოისროლა და ლოჟიდან გავარდა".

„აიშალა დარბაზი", ჩაიშალა ოლიმპიადა.

„- სვოლოჩ! გად! - ფარდის წინ იდგა პიოტრ პეტროვიჩი და თავზევით თეოფილეს აფრიალებდა ცხვირსახოცივით.

სცენაზე მისი რკინის ხელი ეგდო...

საათსა და ოცდახუთ წუთში 1949 წელი მთავრდებოდა".

კულმინაცია!

და სანამ ფინალისკენ წავალთ, რეზო გაბრიაძის პროზის იმ თავისებურებას გადავხედოთ, რომელიც წერილის დასაწყისში ვახსენე.

„ანტიკა ქალი" - ანტიკურ ქანდაკებასავით დახვეწილ ქალზე რომ იტყოდნენ, გაგონილი გექნებათ. „ანტიკა-ბუზი"? არ მითხრათ - კიო. თაგვის უნარი - ულვაშებით ამინდის პროგნოზის დადგენის - „შერეკილებში" გექნებათ წაკითხული, მაგრამ ის ანტიკა-ბუზი „ორი ფეხით ჭერზე რომ ეკიდა, ორს თავზე  ირტყამდა, დარჩენილი ორი პირთან ჰქონდა მიტანილი და რაღაცას ჩუმად მკარნახობდა თავის ენაზე", - პირველად გაიგეთ. ხომ ასეა?

არადა, ეგებ, კარგ რაღაცას ეუბნებოდა „ალილოს" მომავალ ავტორს.

„ბულკის სილამაზისთვის ყიდვა" წარმოგედგინათ? „ჩერდაკისნაირ რაღაცაში" ცხოვრება, ან „ერთი პატარა, ვარსკვლავებით სავსე ფანჯარა"?

რისამე, მაგალითად, ადამიანის „უხმოდ წარმოშობა", რომელსაც „გრძელი შინელი ეცვა, 2 ზომით მეტი" და „გამჭვირვალე წვერ-ულვაშში სათნო ღიმილი უციმციმებდა მკრთალად"?

ხოლო ყაყანისა და აურზაურის სასკოლო სივრცეში სიჩუმის ჩამოვარდნა, სისხლში გამჯდარი „ბუზის გაფრენის ხმაც რომ ისმოდეს" ნაცვლად, შეიძლება ასეც გადმოიცეს: „ქუჩის იქით, სალაპარაკო სადგურიდან ხარაგოულში ვიღაცის დედისთვის გაგზავნილი ახლო კონტაქტების დამყარების სურვილი ისმოდა".

ეს მოხდება იმ სკოლაში, სადაც ფაშისტების მიერ საბჭოთა რუსეთის ოკუპირებული რაიონებიდან საქართველოში ევაკუირებული ბავშვები „ქართულს ფლობდნენ თავისუფლად", ხოლო აკაკის „ციცინათელას" „კითხულობდნენ მთელი ხმით, შემტევად და ჯიბრით, მაიაკოვსკივით!"

გაუხედნავი ყურისთვის და შემფასებლური „მაგარიას" ტელემეტყველებით გემოვნება-დაკარგული მასისთვის რეზო გაბრიაძის ქალაქური ლექსიკა შეიძლება უცხოც კი იყოს. მაგრამ იმ დროის ამბების სრულად აღსაქმელად, იმ პერიოდის სურნელებისა და განუმეორებლობის გადმოცემა, მგონი, მხოლოდ ასეთი „მინარევებით" არის შესაძლებელი.

რადგან ორგანულად ერწყმის თავისებურებას იმ გარემოსი, რომელშიც ვცხოვრობდით, ვარსებობდით და ვურთიერთობდით.

იმდროინდელი თბილისის კოლმეურნეობის მოედანს, სადაც „თოთხმეტი ლუდის ბუტკა იდგა", რეზო გაბრიაძე ასე აღწერს:

„იქ იკრიბებოდნენ, უგვარო, უპასპორტო და პირდაუბანელი ხალხი, ანდა ჩემნაირები - უპრაპისკო, მეხუთე წელი შტატგარეშე, მე-4 გვერდის კორესპონდენტი ავდარია-დარია ჰონორარით. მე ბოლოში, ყველაზე უჩინარ ბუდკასთან რიგში ვიდექი, მთლად კუდში, ლუდის მოლოდინში, ნამდვილი და მოგონილი დარდებით ვემშვიდობებოდი ჩემს ახალგაზრდობას, თამაშით, სევდით, კინოებიდან ნასესხები განცდებით...

(ჩვენ, ბიჭებს კი აჩემებული გვქონდა სარიბეკას სახინკლე, ველიამინოვზე, სადაც ერთი ცალხელა კაცი (იქაური ერთადერთი მომსახურე) ათიოდ ცარიელ ბოკალს სასწაულად მოხვეტავდა და მებუფეტესთან მიჰქონდა მუშტრების მორიგი პარტიის დასარწყულებლად).

დრო დადგა და ჩემი რიგიც მოვიდა...

ავიღე ლუდი და გვერდზე გავდექი, როგორც ამ საქმის მცოდნე, ბუდკიდან ცოტა მოშორებით".

გამოაცალეთ ამ პასაჟს ეს „თავისუფალი სუნთქვა", რომელიც ქმნის მხატვრულ სახეს და ხელში შეგრჩებათ გაუნათლებელი კორესპონდენტის მიერ უნიჭოდ შედგენილი საოქმო ჩანაწერი - დღევანდელი საინფორმაციო ტელეპროგრამების დიდი სირცხვილი.

იმ ბუდკიდან ცოტა მოშორებით მდგარ რეზოს საშუალო ასაკს კარგად გადაცილებული კაცი ამოუდგება: „მკვრივი დერმანტინის ჩანთით ფეხებთან. იმავე დერმანტინის ალერსიანი, სადღაც დროში დაკარგული, გახუნებული, გულში ჩამწვდომი ღიმილით".

აღმოჩნდება, რომ ეს უცნობი ლენსტალის მამაა, რომ ლენსტალის „ვ პიდისიატ პიატომში" სახელი შეუცვალეს და თეოფილე დაარქვეს, რომ ახლა იგი „გულის კაი ექიმია", დაცოლშვილებულია და ნიჟნი ტაგილში ცხოვრობს. ხოლო უპატრონოდ დარჩენილ, მოხუცებულ ლოტბარ თეოფილეს ყოფილი ლენსტალის მშობლები უვლიან, მიუხედავად იმისა, რომ „ვერც ერთს ვერ გვცნობს! ვერც მე, ვერც ზინას! ლოგინიდან ვერ დგება. სიმონიკას მეძახის... დაპატარავდა! თავისი ფოტოს წონაა!"

უცებ აჩქარდება ლენსტალ-თეოფილეს მამა: ექვსი საათია დაწყებული და არ დაუბანია დღეს თეოფილე.

არ დაუბანია(!)

შორეული პარალელი: პასექის დღესასწაულის წინ, სერობიდან წამოდგა იესო ქრისტე, მოწაფეებს ფეხები დაბანა და უთხრა: „თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ, თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ". (იოან. 13, 12-15).

თავმდაბლობის მაგალითი და ამ გზით ცოდვების მონანიების რჩევაც, როგორც ჩანს.

„- მომკლავს ზინა! სტოპრო! - იყვირა ჩემმა ძველმა ახალმა ნაცნობმა და გაიქცა ზადნი ხოდით დაძრული ავტობუსისკენ".

„ავტობუსი განათებული ფანჯრებით ნელა, გვერდულად დაიძრა საახალწლო პრობკაში, თეოფილეს მამის სახე კი შუშაზე იყო მიბრტყელებული, ცხვირი ჰქონდა პერაშკივით, თვალები ბედნიერების სხივით სავსე, ტუჩები კი მეუბნებოდნენ უხმოდ: „შობას გილოცავ! შობას!"

მეც დავუძახე უხმოდ, ტუჩებით: „მეც შობას გილოცავ! შობას!"

ჟანრის კანონით, სიკეთემ აქაც სძლია ბოროტებას: ქრისტესმიერმა სიყვარულმა - სისტემის გაუცხოებას.

შობას გილოცავთ!



არმაზ სანებლიძე

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner